კლინიკას მიმართა 69 წლის პაციენტმა სახის ასიმეტრიით.
მამაკაცს მარჯვენა ყბა–ყურა–საღეჭ მიდამოში ჰქონდა უცხო წარმონაქმნი, რომელიც პერიოდულად ზომაში იზრდებოდა და რომელიც სტკიოდა.
როგორც ექიმებს განუმარტა, ეს წარმონაქმნი გაუჩნდა 7 წლის წინ.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მიმართა, რადგან სახის არეში აღენიშნებოდა ვიზუალური ასიმეტრია, უჭირდა პირის გაღება.
პაციენტს ჩაუტარდა წარმონაქმნის პირველადი ციტოლოგიური კვლევა, რომელიც გულისხმობს პუნქტატის (პუნქციის შედეგად მიღებული ქსოვილოვანი მასა) დათვალიერებას მიკროსკოპის ქვეშ. ასევე საჭირო გახდა კისრის რბილი ქსოვილების მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტირებით.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ჩატარდა Toshiba-ს ფირმის უახლესი თაობის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფზე Vantage Elan–ზე, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე და აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით, კვლევის უახლესი რეჟიმებით.
გამოკვლევების საფუძველზე ქირურგებმა დასვეს დიაგნოზი – მარჯვენა ყბა–ყურა სანერწყვე ჯირკვლის პოლიმორფული (პლეომორფული) ადენომა.
საუბარია სანერწყვე ჯირკვლის კეთილთვისებიან სიმსივნეზე, რომელიც იზრდება ნელი ტემპით და აღწევს დიდ ზომას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმონაქმნის ზომა დიამეტრში, კანს ზევით, დაახლოებით 9–10 სანტიმეტრს შეადგენდა.
კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყბა–სახის ქირურგებმა შოთა ლობჟანიძემ და თორნიკე კაპანაძემ ზოგადი ბალანსირებული ანესთეზიის ქვეშ ამოკვეთეს წარმონაქმნი, ასევე ჩაატარეს მარჯვენა ყბა–ყურა სანერწყვე ჯირკვლის ნაწილობრივი სუბტოტალური პაროტიდექტომია, კრანიალური ნერვის დეკომპრესია.
ოპერაცია გულისხმობს სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთას სრულად თავის გარსიანად, ასევე ყბა–ყურა სანერწყვე ჯირკვლის ქვედა პოლუსის ანუ ნახევრის ამოკვეთას, სახის ნერვების დისლოცირებით.
როგორც ქირურგებმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეს, ოპერაციის მიმდინარეობისას ძირითად სირთულეებს წარმოადგენდა წარმონაქმნის ზომა, მისი ზრდის ტიპი (იყო თუ არა ჩაზრდილი სხვა სტრუქტურებში) და არსებული მიდამო.
საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ მიდამოში უხვადაა წარმოდგენილი სახის ნერვები, ასევე სისხლძარღვები. აღნიშნული წარმონაქმნების დაზიანების შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ ხშირია ასეთი ტიპის ოპერაციული ჩარევების დროს, სახის ნახევრის მიმიკური კუნთების მოძრაობა შესაძლოა შეიზღუდოს, ან საერთოდ მოიშალოს ამ მიდამოში. ასევე საყურადღებოა სისხლძარღვები, რომელთა უხვი სისხლმომარაგების გამო ხშირია ინტენსიური სისხლდენები.
ოპერაციამ ჩაიარა გართულებების გარეშე. ოპერაციიდან მეორე დღეს განისაზღვრა სახის ნერვების მდგომარეობა და აღსანიშნავია, რომ არ იყო დაზიანება. ამასთან, პაციენტი ზუსტად ასრულებდა ექიმის მიერ მითითებულ სახის მიმიკური კუნთების მოძრაობებს.
პაციენტი ოპერაციიდან მესამე დღეს გაეწერა კლინიკიდან. ამ ეტაპზე მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სახის მიმიკური კუნთების მოძრაობა სრულყოფილია.
სანერწყვე ჯირკვალი სეკრეტორული ორგანოა, რომელიც ნერწყვს გამოიმუშავებს. არსებობს სანერწყვე ჯირკვლების როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეები, როგორც უშუალოდ სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილისგან განვითარებული, ისე შერეულიც, რომლებსაც ლიტერატურაში პლეომორფული ან პოლიმორფული ადენომის სახელით ვხვდებით. სიმსივნეებს იმის მიხედვითაც აჯგუფებენ, რა ტიპის უჯრედებისგანაა განვითარებული. სიმსივნური პროცესი ყველაზე ხშირად ყბა–ყურა სანერწყვე ჯირკვლებში ვითარდება. პაციენტი როგორც წესი უჩივის სახის დეფორმაციას, ასიმეტრიას, გამობერილობას ყბა–ყურა ჯირკვლის მიდამოში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!
გისურვებთ ჯანმრთელობას!