რატომ უნდა ჩაიტაროს კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა

რატომ უნდა ჩაიტაროს კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა

ინტერვიუ განკუთვნილია იმ კონტიგენტისთვის, ვისაც ლაბორატორიულად არ ჰქონდა დადგენილი კორონავირუსი და შესაბამისად, არ მოქცეულა ჯანდაცვის სისტემის მეთვალყურეობის ქვეშ

ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

თუ ოჯახის წევრებმა გადაიტანეს კოვიდი, ხართ შეუძლოთ ან გრძნობთ უმნიშვნელო სიმპტომებს, რითაც ეჭვი მიგაქვთ Covid-19-ზე, ან კოვიდგადატანილ პაციენტებს გაგიხანგრძლივდათ ჯანმრთელობის ცვლილება, ჟანგბადის პულსოქსიმეტრით სატურაციის გაზომვის შემდეგ კი, მაჩვენებელი დაბალია, ასეთ დროს მნიშვნელოვანია კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. გვესაუბრება „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ რადიოლოგი თამაზ ჯაოშვილი.

- ბატონო თამაზ, რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია და რომელი პათოლოგიების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი კოვიდინფიცირებული პაციენტის შემთხვევაში?

- ეს გახლავთ, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, რენტგენის სხივზე დაფუძნებული კვლევის მეთოდი, რომელიც იძლევა საშუალებას, მაღალი გარჩევადობით, შევაფასოთ ადამიანის სხეულის ესა თუ ის ორგანო.

რეალურ დროში, უსწრაფესად დავსვათ სიცოცხლისთვის საშიში მრავალი დაავადების დიაგნოზი. სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის შესაძლებლობა იძლევა დამატებით ბენეფიტებს გამოსახულობის ზუსტი და ხარისხიანი შეფასებისათვის, კოვიდინფიცირებული პაციენტების შემთხევაში კი, გვაძლევს საშუალებას, ფილტვის ქსოვილის დეტალური შეფასებით, დროულად და ამომწურავად დავადგინოთ პარენქიმის დაზიანების ხარისხი და სიმძიმე. ჯერ კიდევ დაუდასტურებელ შემთხვევაში (იგულისხმება პჯრ მეთოდოლოგიით დადასტურება) მივიტანოთ ეჭვი და წარვმართოთ დიფერენციული დიაგნოზი CO-RADS კლასიფიკაციის მეთოდოლოგიით, ხოლო უკვე დადასტურებულ შემთხვევაში მაღალი სიზუსტით გამოვთვალოთ მსოფლიოში აპრობირებული ფილტვის პარენქიმის დაზიანების ნახევრადრაოდენობრივი ინდექსის ქულა. ასევე კომპიუტერულ ტომოგრაფიული ფილტვის არტერიის ანგიოგრაფიით, უსწრაფესად დავსვათ სიცოცხლისთვის საშიში, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დიაგნოზი, რაც ძალიან ხშირი გართულებაა კოვიდ-19 პნევმონიის დროს.

- რამდენად მიზანშეწონილია CT ჩატარება კოვიდინფექიის დროს?

- კოვიდინფიცირებულთა შემთხვევაში მიზანშეწონილია, კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდეს ექიმ-კლინიცისტის დანიშნულებით, რაც დაფუძნებულია პაციენტის ჩივილებსა და სუბიექტურ მდგომარეობაზე, სადაც ძირითადი საყურადღებო ჩვენებებია:

  1. სწრაფად განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
  2. შეუპოვარი ხველა (ლორწოვანის კატარის გამო მშრალი ხველა);
  3. პაციენტის ზოგადი მძიმე მდგომარეობა.

სხვა ლაბორატორიული მონაცემების არსებობისას, როდესაც ეჭვია თრომბოემბოლურ გართულებაზე, წყდება ფილტვის არტერიის CT ანგიოგრაფიის ჩატარების საკითხი.

- ფილტვის პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვის რატომ მაინცადამაინც კომპიუტერული ტომოგრაფია?

- ეს გახლავთ ფილტვის პარენქიმის შეფასების საუკეთესო კვლევის მეთოდი, რადგან ახასიათებს მაღალი გარჩევადობა,  სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის საშულება კი, ფასდაუდებელია გულმკერდის ღრუს შეფასებისათვის. რენტგენის სხივის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის წარმოადგენს ფილტვის ქსოვილის შეფასების უალტერნატივო მეთოდოლოგიას. არის სწრაფი, რაც იძლევა საშუალებას, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სუნთქვითი და მოტორული არტეფაქტები, საბოლოოდ კი, ვიღებთ საუკეთესო გამოსახულებას.

- რას გვეტყვით ქირურგიის ეროვნული ცენტრის კომპიუტერული ტომოგრაფის უპირატესობების შესახებ?

- ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ამჟამად არსებული  აქცია კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის მოსახლეობას საშუალებას აძლევს, პულმონოლოგის კონსულტაციით  ჩაიტარონ ლაბორატორიული და კტ კვლევები. ვთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს. პარამეტრების ცვლილებით კი, პაციენტის დასხივების დოზა საგრძნობლად მცირდება. 

32-შრიანი Toshiba Aquilion RXL საშუალებას  იძლევა, ნებისმიერი სირთულის პაციენტზე მკურნალ ექიმს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია უსწრაფესად. რადიოლოგიური დასკვნის სტრუქტურა და ხარისხი კორელაციაშია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ამჟამინდელ სტანდარტებთან. რადიოლოგი პულმონოლოგთან ერთად განიხილავს ყველა პაციენტის კვლევას ინდივიდუალურად, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას იძლევა, დაავადებულს მიეცეს სწორი რეკომენდაცია და დანიშნულება.

- რას ურჩევდით და რა რეკომენდაციებს მისცემდით COVID-19 დაავადებულ პაციენტებს?

- ვურჩევდი, ნებისმიერი გამოკვლევა, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია, შეათანხმონ მკურნალ ექიმ-კლინიცისტთან. რაც,  საბოლოო ჯამში მიცემთ საშუალებას, მიიღონ კონკრეტულად მათთვის საჭირო მომსახურებები. ასევე, სწორად დაიგეგმოს როგორც გამოკვლევამდე, ისე გამოკვლევისშემდგომი პროცესები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად