რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის გარეშეც სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია

რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის გარეშეც სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია

კომპიუტერული ტომოგრაფია თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთი დიდი აღმოჩენაა.

ეს არის კვლევა, რომელიც რადიოლოგს ორგანიზმის სრულყოფილ გამოსახულებას, შესაბამისად, დეტალურ ინფორმაციას აწვდის და სხვადასხვა ტიპის პათოლოგიის გამოვლენის საშუალებას აძლევს.

კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება როგორც გეგმიურ, ისე ურგენტულ რეჟიმში. კვლევით ვლინდება კუნთისა და ძვლის პათოლოგიები, ზუსტდება სიმსივნის ლოკალიზება, ფასდება შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, საჭიროა კიბოს მკურნალობის მონიტორინგისთვის, ავლენს შინაგან ტრავმასა თუ სისხლდენას და სხვა.

კომპიუტერული ტომოგრაფის კონტროლით სრულდება სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაცია, ბიოფსია და რადიაციული თერაპია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია 32–შრიანი, ულტრათანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფით Toshiba Aquilion RXL, რომელშიც ჩატვირთულია კვლევის ინოვაციური ტექნოლოგიები. კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფის თანამედროვე სისტემებს დაემატა პერფუზია, რომლის მეშვეობითაც კაპილარულ დონეზეა შესაძლებელი ცერებრული ჰემოდინამიკის შესწავლა; ეს ფუნქცია ინსულტის დიაგნოსტირების უპირობო ლიდერს, კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს.

კომპიუტერული ტომოგრაფიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგი ირაკლი გიგიაძე.

ბატონო ირაკლი, რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია?

 ტერმინი კომპიუტერული ტომოგრაფია ეწოდება პროცედურას (კომპიუტერული რენტგენოლოგიური გამოსახულება), რომლის დროსაც  რენტგენის სხივი იგზავნება პაციენტის მიმართულებით. ამ დროს გამომუშავდება სიგნალები, რომელიც თავის მხრივ მუშავდება აპარატის კომპიუტერით და გენერირდება ე.წ. ჭრილებად (slice). ამ ჭრილებს ეწოდება კომპიუტერული გამოსახულება, რომელიც შეიცავს მეტად დეტალიზირებულ ინფორმაციას, ვიდრე ეს მიიღება ჩვეულებრივი რენტგენოლოგიური კვლევით. მსგავსი ბევრი ჭრილის შეგროვების შედეგად, აპარატის კომპიუტერი პაციენტის 3–განზომილებიან გამოსახულებას იღებს. სწორედ ეს 3–განზომილებიანი გამოსახულება გვაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას როგორც ძირითადი სტრუქტურების, ისე სიმსივნეების ან სხვა პათოლოგიების შესახებ.  ჩვეულებრივ რენტგენოგრაფიასთან (დაფუძნებულია ფიქსირებულ რენტგენის მილაკზე) შედარებით კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერი იყენებს მოტორიზებულ რენტგენის წყაროს.

რა ტიპის პათოლოგიების აღმოჩენაა შესაძლებელი კომპიუტერული ტომოგრაფიით?

 ეს მეთოდი გვაძლებს საშუალებას შევისწავლოთ პაციენტის  3D გამოსახულება (ჩონჩხი, ორგანოები, რბილი ქსოვილები). კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება ბევრი დაავადებისა და დაზიანების იდენტიფიცირებისთვის, სხეულის სხვადასხვა ნაწილში. კომპიუტერული ტომოგრაფია ეფექტური სკრინინგის საშუალებაა ფილტვისა და ნაწლავების სიმსივნეების დროს, მუცლის ღრუს სიმსივნეების დიაგნოსტირებისათვის. გულის კომპიუტერულ–ტომოგრაფიული კვლევა შესაძლებელია დაინიშნოს  მაშინ, როდესაც საეჭვოა გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების  პათოლოგიები. თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება სიმსივნეების, ტრავმული დაზიანებების ლოკალიზების, იშემიური  ინფარქტის გამომწვევი თრომბული  მასის, ანევრიზმის, ჰემორაგიისა და სხვა კონდიციების გამოვლენის მიზნით. გულმკერდის შემთხვევაში ინიშნება სიმსივნის, პულმონური ემბოლიზმის (თრომბები ფილტვის არტერიის ტოტებში), ჭარბი სითხის, ასევე სხვა კონდიციების (ემფიზემა ან  პნევმონია) დიაგნოსტირებისთვის. კომპიუტერული ტომოგრაფია მნიშვნელოვანია კომპლექსური ძვლოვანი მოტეხილობების, ძვლის სიმსივნეების, სახსროვანი დეფექტების  შეფასებისათვის. კომპიუტერული ტომოგრაფია ადგენს სიცოცხლისთვის ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორიცაა ჰემორაგია, თრომბოზი, სიმსივნე. ამ დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რეკომენდებულია ორსულებისთვის?

 ზოგადად, ორსულ პაციენტებში მუცლის ღრუს და მცირე მენჯის საკვლევად გამოიყენება მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა ან ულტრაბგერა, ვინაიდან ამ კონკრეტული კვლევებით არ ხდება ნაყოფის დასხივება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩამოთვლილი კვლევები არაინფორმაციულია ან პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მოითხოვს გადაუდებელ დიაგნოსტირებას (დრო შეზღუდულია) და ჩარევას, კომპიუტერული ტომოგრაფია განიხილება როგორც მისაღები ალტერნატივა.

რას ვთავაზობთ მას, ვისაც კლაუსტროფობია აქვს?

 კლაუსტროფობიით (დახურული სივრცის შიში) დაავადებულ პაციენტს ვუხსნით პროცედურის დანიშნულებას და ვუნმარტავთ თუ როგორ ტარდება კვლევა. შიში მაქსიმალურად რომ დაძლიონ, შეგვყავს საოპერატორო ოთახში და ვაჩვენებთ როგორ მიმდინარეობს პროცედურა. საცდელად ვაწვენთ აპარატის საწოლზე ჩვენი თანდასწრებით, ვაკეთებთ გადაღების იმიტაციას საწოლის გადაადგილებით. თუ ყველა ეს ხერხი უშედეგო აღმოჩნდა, კვლევას ვატარებთ მედიკამენტური სედაციის თანხლებით.

კვლევა კონტრასტირებითა და უკონტრასტოდ. რას ნიშნავს კონტრასტი და რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

 სხეულის სხვადასხვა ქსოვილს რენტგენის სხივების შეჩერების თვისება აქვს, რის გამოც მიღებული გამოსახულება სრულებით შესაძლებელია დიაგნოსტირებისთვის არ იყოს სრულყოფილი. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გამოიყენება ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება, რომელიც მკაფიოდ ჩანს კომპიუტერული ტომოგრაფიისას და აბსოლუტურად უსაფრთხოა. მაგალითისთვის, იოდის შემცველი ინტრავენურად გამოყენებადი საკონტრასტო ნივთიერება სისხლძარღვების სრულფასოვან შეფასებაში გვეხმარება, გამოიყენება სისხლძარღვების შესაძლო ობსტრუქციის დასადგენად (მათ შორის გულის, საშარდე სისტემის და სხვა). პერორალური საკონტრასტო ნივთიერება კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დიაგნოსტირებისთვისაა განკუთვნილი.  

ინტრავენურ საკონტრასტო ნივთიერებას არ ვიყენებთ თირკმლის ფუნქციის  დარღვევის შემთხვევაში, პერმანენტული უკმარისობის თავიდან აცილების მიზნით.

კონტრასტული კვლევის აუცილებლობას საზღვრავს ექიმი ანამნეზიდან ან მიღებული ტომოგრამებიდან გამომდინარე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად