KTQ აკრედიტაცია - თანამშრომლობა საავადმყოფოებში გამჭვირვალობისა და ხარისხისთვის.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ემზადება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად. ამ მიზნით დაწყებულია თანამშრომლობა ისეთ ცნობილ გერმანულ კომპანიასთან როგორიცაა KTQ(Kooperation für Transparenz und Qualität im Krankenhaus).
"KTQ-International"-ის მიერ მინიჭებული სერტიფიკატის მოპოვება კიდევ ერთხელ იქნება იმის დასტური, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის მომსახურების ხარისხი შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
კლინიკაში უკვე დაიწყო აქტივობა ტრენინგების და იმ საკითხების ორგანიზების კუთხით, რაც აუცილებელია აკრედიტაციის მისაღებას.
27 იანვარს და 10 თებერვალს ჩატარდა პირველი ტრენინგები და გაიწერა სამუშაო გეგმები.
ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით, 2025 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდა.
რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის კლინიკას ევალება საერთაშორისო აკრედიტაცია, რისთვისაც უნდა შეირჩეს აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს ერთდროულად შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს საერთაშორისო ორგანოს - ,,ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრი და ფლობდეს შესაბამის აკრედიტაციას. უნდა ჰქონდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან კანადაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჩამოყალიბებული პრაქტიკა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდმივად არის განახლების და განვითარების რეჟიმში, ცდილობს და ახერხებს თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას, როგორც დიაგნოსტირებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით , ასევე სამკურნალო და საორგანიზაციო მიმართულებებში პროცესების სრულყოფით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!