ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემოიყვანეს მართვით სუნთქვაზე მყოფი 18 წლის მამაკაცი.
ავტოავარიის შედეგად მიღებული ძლიერი ტრავმის გამო პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა კომპიუტერული ტომოგრაფიით. ექიმებმა კვლევის საფუძველზე დასვეს ქალა–სარქვლის, ქალა ფუძის მოტეხილობა. გამოვლინდა ჰემატომა, თავის ტვინის დაჟეჟილობა და თავის ტვინის შეშუპება, ასევე ტვინში შეჭრილი იყო ძვლის მოტეხილი ფრაგმენტები.
კრიტიკული მდგომარეობის, ტრავმის სიმძიმის მიუხედავად, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებისა და მთელი სამედიცინო პერსონალის დიდი მცდელობით პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეს დამოუკიდებლად გადაადგილდება. სწორედ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ატვირთა პაციენტის ბიძამ სოციალურ ქსელში. ვიდეოში პოზიტიური განწყობა სუფევს.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე.
„პაციენტი დაუყოვნებლივ, სასიცოცხლო ჩვენებით შევიყვანეთ საოპერაციო ბლოკში. მოვაცილეთ ძვლის მოტეხილი ფრაგმენტები, აგრეთვე თავის ქალაზე ჩავატარეთ ძვლის ორმხრივი კვეთა, მოცილება, შევძელით ჰემატომების ევაკუაცია. პაციენტი პოსტოპერაციულად მკურნალობის კურსს გადიოდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ერთობლივი შრომის, გუნდური მუშაობის წყალობით მივიღეთ სასურველი შედეგი. პაციენტი მოვხსენით მართვითი სუნთქვიდან. იყო კონტაქტური, ადეკვატური და გაეწერა ბინაზე. დღეის მონაცემებით, დაუბრუნდა სრულფასოვანი ცხოვრების წესს, დამოუკიდებლად მეტყველებს და გადაადგილდება“, – აცხადებს ბატონი გიორგი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19.
გისურვებთ ჯანმრთელობას!