ჭარბი წონის ქირურგიული კორექციის თანამედროვე მეთოდები

ჭარბი წონის ქირურგიული კორექციის თანამედროვე მეთოდები

სიმსუქნე თანამედროვე ეპოქის ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემად იქცა.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1980 წლიდან დღემდე სიმსუქნის მაჩვენებელი გაორმაგდა. ორგანიზაციის 2014 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბწონიანია.

ჭარბი წონა ნაწილობრივ, არასწორ კვებასთან და ცხოვრების სტილთანაა დაკავშირებული, თუმცა კიდევ სხვა ბევრი მიზეზი არსებობს. მას ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს დაავადების გამოწვევა შეუძლია. სიმსუქნისგან შეიძლება განვითარდეს: გულ–სისხლძარღვთა, საყრდენ–მამოძრავებელი, კუჭ–ნაწლავის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები და ა.შ.

პოპულარობით სარგებლობს ბარიატრიული ქირურგია, რომელიც სიმსუქნესთან დაკავშირებულ ქირურგიულ ჩარევებს გულისხმობს. ამ მიმართულებაში აღსანიშნავია სლივ გასტრექტომია, რაც კუჭის დაპატარავებას გულისხმობს.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სლივ გასტრექტომიის ოპერაცია თანამედროვე ლაპარასკოპული აპარატის მეშვეობით ტარდება. მოგეხსენებათ, ლაპარასკოპიულ მეთოდს შემდეგი უპირატესობები გააჩნია: ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ტკივილის სინდრომი ნაკლებადაა გამოხატული და პაციენტი მეორე დღესვე აქტიურდება. მნიშვნელოვანია ვიზუალური ეფექტიც  – არ რჩება დიდი ზომის ნაწიბურები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია „ოლიმპუსის“ უახლესი მოდელის ლაპარასკოპით VISERA PRO.

როგორია ოპერაციისთვის მოსამზადებელი პერიოდი, რა წონის ადამიანებისთვისაა რეკომენდებული სლივ გასტრექტომია, როგორია ნაოპერაციები პაციენტის რეჟიმი – ამ თემაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა ძაგანია გვესაუბრა.

როგორც ბატონი შოთა განმარტავს, ბარიატრიული ოპერაცია ტარდება სამედიცინო თვალსაზრისით და არა კოსმეტიკური, ან პლასტიკური მიზნით. ამასთან, საჭიროა პაციენტი მოტივირებული იყოს, რადგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ სლივ გასტრექტომიის შედეგად, ადამიანთა უმრავლესობა 60–70%–ით იკლებს წონაში.

„ტერმინი სლივ გასტრექტომია სიმსუქნის შემთხვევაში ოპერაციულ მკურნალობას ნიშნავს. ლაპარასკოპიული სლივ გასტრექტომია ძალიან ეფექტური მეთოდია. ამ დროს ხორციელდება კუჭის დიდი სიმრუდის რეზექცია (მოკვეთა), ე.ი. მისი მოცულობის შემცირება. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს“, – აცხადებს შოთა ძაგანია.

ცნობილია, სიმსუქნე ნაწილობრივ არასწორ კვებასთან და ცხოვრების სტილთანაა დაკავშირებული. სხვა რა მიზეზი არსებობს?
– დიახ, სიმსუქნე ნაწილობრივ არასწორ კვებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ჭარბი წონა შეიძლება გამოწვეული იყოს: ენდოკრინული დარღვევით, არააქტიური ცხოვრების წესით, ანუ ჰიპოდინამიით და სხვა ფაქტორებით.

რა წონის პაციენტებზეა ამ ტიპის ოპერაცია განსაზღვრული?
– ისაზღვრება სხეულის მასის ინდექსი (Body Mass Index) და თუ ის 35–ს აღემატება, ამ შემთხვევაში, უკვე დგება ოპერაციის საკითხი. წონისა და სიმაღლის თანაფარდობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, 160 სანტიმეტრი სიმაღლისა და 190 სანტიმეტრი სიმაღლის პიროვნება ერთმანეთს რომ შევადაროთ, წონა 100 კგ პირველისთვის ბევრი იქნება და მეორესთვის არა. მინდა განვმარტო, რომ სიმაღლე, წონა და სქესი ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენს. შესაბამისად, წონის ინდექსი თუ არის მაღალი 30–35 და ზემოთ და პაციენტს სიმსუქნით გამოწვეული მეორადი გართულებები აქვს, ასეთი შემთხვევა ქირურგიულ ჩარევას ექვემდებარება.

როგორია ოპერაციისთვის მოსამზადებელი პერიოდი?
– პაციენტი გადის მკურნალობის დიდ მონაკვეთს გასტროენტეროლოგთან, დიეტოლოგთან და ენდოკრინოლოგთან. შემდგომში, მათი რესურსის ამოწურვის შემდეგ დგება ქირურგიული ოპერაციის საკითხი.
პაციენტი ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებს მზადებას და დიეტოლოგებისა და ენდოკრინოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იგი იცავს სპეციალურად მისთვის შერჩეულ დიეტას. აუცილებელია, პაციენტმა, განსაკუთრებით კი დიდი წონის მქონემ, ოპერაციის წინ წონაში გარკვეული რაოდენობა დაიკლოს.

პაციენტი ძველ წონას რომ არ დაუბრუნდეს, რა რეკომენდაციებს აძლევთ?
– რასაკვირველია, პირველ რიგში პაციენტი ამ ოპერაციისთვის მოტივირებული უნდა იყოს. არამოტივირებულ პაციენტს მსგავსი ოპერაცია არ უნდა გავუკეთოთ. ოპერაციის შემდგომ, პაციენტი ფიზიკურად ვერ იღებს დიდი რაოდენობით საკვებს, რადგან მისი ერთჯერადად მიღებული საკვების რაოდენობა 200 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, პაციენტმა სპეციალურად მისთვის შერჩეული დიეტა უნდა დაიცვას, რომელსაც დიეტოლოგებთან ერთად ვურჩევთ, ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც. შეიძლება, კუჭი იგივე ზომას არ დაუბრუნდეს, მაგრამ თუ პაციენტმა რეკომენდაციები არ დაიცვა, შესაძლოა მისი მოცულობა გაიზარდოს. რაც შეეხება ფიზიკურ დატვირთვას – ლაპარასკოპიული ოპერაცია ძალიან დიდი პლიუსია და სწორედ ამიტომ, პაციენტი უკვე მეორე დღეს ფეხზე დგება და 1 ან 2 თვის შემდეგ ფიზიკურ დატვირთვას იწყებს.

ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ ჭარბი წონის სამკურნალოდ კეთდება, თუ სხვა ჩვენებაც აქვს?
– ბარიატრიული ოპერაცია უშუალოდ, მხოლოდ ჭარბი წონის გამო კეთდება.


თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შოთა ძაგანიას 577 09 25 27

ავტორი ეკატერინე ციცხვაია