ოსტეოპოროზის საერთაშორისო დღე
ყოველწლიურად, 20 ოქტომბერს, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოსტეოპოროზის საერთაშორისო დღე აღინიშნება და მისი მთავარი მიზანი დაავადების შესახებ საზოგადოებრივი განათლების ამაღლებაა. წელს გამართული კამპანიის მთავარი ლოზუნგია „ნაბიჯი ძვლის ჯანმრთელობისთვის“. დეტალურად ამ დაავადების, მისი რისკ-ფაქტორების და მკურნალობის შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი, ანა ჭოხონელიძე გვესაუბრება:
რა არის ოსტეოპოროზი?
-იგი ქრონიკული სისტემური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის მასის შემცირებით, რაც მკვეთრად ზრდის მოტეხილობის რისკს და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს.
როგორია ოსტეოპოროზის გავრცელება?
-მსოფლიოში, არაინფექციურ დაავადებათა შორის გავრცელებით, ეს დაავადება მე-4 ადგილზეა კარდიოვასკულური ავადმყოფობების, შაქრიანი დიაბეტის და ონკოპათოლოგიის შემდეგ. ამ დიაგნოზით სულ 3 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. მისი გამოვლენა უფრო ხშირია 50 წელს გადაცილებულ პოპულაციაში. სტატისტიკურად კი, დიაგნოზი ყოველ მესამე ქალბატონს და ყოველ მეხუთე მამაკაცს აქვს დასმული.
რა იწვევს ოსტეოპოროზს?
-ადამიანის ძვლოვან ქსოვილში მუდმივად მიმდინარეობს თვითგანახლების პროცესი (დაშლა/აღდგენა). თუ ამ ორ პროცესს შორის თანაფარდობა დაირღვა და ძვლის დაშლა გაძლიერებულია და/ან აღდგენა შენელებული, მაშინ ვითარდება დაავადება.
რა სიმპტომებით ხასიათდება ოსტეოპოროზი?
-ზოგადად, ძვლის კარგვა ნელი და უმტკივნეულო პროცესია. შესაძლოა დაავადების სიმპტომატიკა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ გამოვლინდეს, თუმცა თუ მოტეხილობა ვითარდება მინიმალური ტრავმის შედეგად ან სულაც სპონტანურად, შეიძლება ვიეჭვოთ მსხვრევადი ძვლების არსებობა. ნებისმიერი ლოკალიზაციის მოტეხილობა, გარდა სახის და თავის ქალას ძვლებისა შესაძლოა, უკავშირდებოდეს ოსტეოპოროზს. ხანდაზმულ პაციენტებში კი, დაავადებით გამოწვეული ბარძაყის ძვლის მოტეხილობა გარდაცვალების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია (თანაფარდობა ქალი/მამაკაცი-4/5).
პათოლოგია ხასიათდება:
- ტკივილით ძვლებსა და სახსრებში;
- ხერხემლის დეფორმაციით, რის შედეგადაც ადამიანი იკლებს სიმაღლეში);
- წელისა და ხერხემლის არეში ყრუ ტკივილით;
- ერთ პოზაში დიდხანს ყოფნის, ან სიმძიმის აწევის დროს ტკივილის ინტენსივობის მატებით.
რომელი ფაქტორები ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს?
-პათოლოგიის განვითარების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:
- ასაკი (პოსტკლიმაქტერულ პერიოდში იმატებს დაავადების განვითარების რისკი);
- სქესი (უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში);
- სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება (ჰიპოგონადიზმი, ნაადრევი მენოპაუზა, დაქვეითებული ტესტოსტერონი);
- დატვირთული გენეტიკა (ანამნეზში ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია);
- შეწოვის დარღვევით მიმდინარე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები);
- ბარიატრიული ქირურგიის შემდგომი პერიოდი;
- ზოგიერთი მედიკამენტი (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები–პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი; სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები– ჰეპარინი; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები; სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული– ანტიესტროგენები; ანტიანდროგენები; )
- ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი; თირეოტოქსიკოზი; პირველადი ჰიპერპარათირეოზი; რევმატოიდული ართრიტი; სისტემური წითელი მგლურა;
- კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტი;
- მალნუტრიცია (ძვლის წარმოქმნისთვის საჭირო ვიტამინების და მიკროელემენტების არასაკმარისი მიღება საკვებ რაციონში);
- წონის დეფიციტი;
- თამბაქოს მოხმარება;
- ალკოჰოლიზმი;
- ყავის ჭარბი რაოდენობით მიღება;
- ნაკლები ფიზიკური აქტივობა, იმობილიზაცია.
როგორ ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტირება?
-თანამედროვე მედიცინაში მისი დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ორმაგენერგეტიკული რენტგენულიაბსორბციმეტრია DXA, რაც გულისხმობსძვლის სიმკვრივის შეფასებას რენტგენული მეთოდით.
რა მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტირებას?
-დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში ოსტეოპოროზული მოტეხილობის თავიდან არიდება შესაძლებელია.ძვლის სავარაუდო მოტეხილობის ათწლიანი რისკის გამოსათვლელად გამოიყენება სპეციალური FRAX კალკულატორი, რაც ეხმარება მკურნალ ექიმს სათანადოდ დაგეგმოს დაავადების პრევენციის და მკურნალობის ტაქტიკა.
როგორ შეგვიძლია ოსტეოპოროზის პრევენცია?
-პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სწორი კვებაა. აუცილებელია, მიიღოთ კალციუმით, D3 ვიტამინით და ცილებით მდიდარი საკვები. ასევე, მნიშვნელოვანია ადეკვატური ფიზიკური აქტივობა, ყავის, ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვა და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა მკვეთრად ამცირებს დაავადების განვითარების რისკებს.
თუ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, ეფექტურად დავგეგმავთ პრევენციისა და მკურნალობის ეტაპებს, შედეგი დადებითი იქნება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!