ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უჩვეულო კლინიკური შემთხვევა დაფიქსირდა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მიმართა პაციენტმა, რომელიც უჩიოდა მუდმივ ყრუ ხასიათის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში. პაციენტმა ექიმებს განუცხადა, რომ ჰქონდა ხშირი გამწვავების პერიოდი, რის გამოც მიმართავდა სხვადასხვა კლინიკას.
პაციენტს ჩაუტარდა მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ქირურგიის ეროვნული ცენტრის ულტრათანამედროვე, 32-შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion RXL.
როგორც კლინიკის რადიოლოგმა ირაკლი გიგიაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ტომოგრაფიით დიაგნოსტირდა ჭია ნაწლავის (აპენდიქსი) ატიპიური მდებარეობა, კერძოდ, მუცლის ღრუში ჭია ნაწლავი მისთვის განკუთვნილი ადგილის ნაცვლად იყო ღვიძლქვეშ.
პაციენტს ოპერაცია ჩაუტარა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზოგადმა ქირურგმა გიგო ფიჩხაიამ.
„ინტრაოპერაციულად აღმოჩნდა მსხვილი ნაწლავის ანომალური განვითარება. პაციენტს არ ჰქონდა აღმავალი კოლინჯი (მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნახევარი). ბრმა ნაწლავი მდებარეობდა მსხვილი ნაწლავის ღვიძლის კუთხესთან და შესაბამისად, ჭია ნაწლავიც (აპენდიქსი) მდებარეობდა ნაღვლის ბუშტთან ახლოს, რაც განაპირობებდა კლასიკური აპენდიციტის კლინიკური სურათის წაშლას. აპენდიქსის სანათურში კოპროლითების ზომა 9 მმ–მდე შეადგენდა“, – აცხადებს ბატონი გიგო.
პაციენტი მუდმივად სარგებლობდა სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. მას 26 წლის წინ ჩაუტარეს აორტის სარქვლის პროთეზირება, 5 წლის წინ კი მიტრალური სარქვლის პროთეზირება, მკურნალობს კარდიოლოგთან და ღებულობს ვარფარინს.
აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა სხვადასხვა კლინიკაში, მაგრამ დატვირთული ანამნეზიდან (ავადმყოფობის ისტორია) გამომდინარე, ყველა საავადმყოფოში ოპერაციულ ჩარევაზე თავს იკავებდნენ, ირჩევდნენ კონსერვატიული მკურნალობის მეთოდს.
წინასაოპერაციო მომზადების შემდგომ, ზოგადი ბალანსირებული ანესთეზიის ქვეშ, პაციენტს ჩაუტარდა აპენდექტომია დრენირებასთან ერთად. გაცნობებთ, რომ პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით უკვე გაეწერა კლინიკიდან.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!