ქირურგიის ეროვნული ცენტრი კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა

სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

კომპანია "კარიერული განვითარების ცენტრის" ორგანიზებით გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაში ქირურგიის ეროვნული ცენტრი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალი სიცოცხლე" მონაწილეობდა.

რა უნდა იცოდეთ კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმის შესახებ?

ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას, კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას, სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობას.

ფორუმში მონაწილე კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ვაკანსიებს, წარედგინათ საკუთარი რეზიუმე, მეტი შეეტყოთ კარიერული სერვისების შესახებ და სხვა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს

ქართული სამედიცინო ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული კლინიკა,  ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ახალგაზრდებს ცოდნასა და გამოცდილებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს და ამის ერთ-ერთი მაგალითია ის არაერთი ლექცია, რომლის მეშვეობითაც აბიტურიენტებმა თუ სტუდენტებმა გაცილებით მეტი შეიტყვეს მედიცინაზე, ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდნენ მომავალ პროფესიას.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალმა სიცოცხლემ" არაერთი სტუდენტი უკვე დაასაქმა, მომავალ ექიმებსა თუ ექთნებს კლინიკაში მუშაობის, პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალება მისცა - კლინიკის ერთ-ერთი მიზანია მედიცინით დაინტერესებულ მომავალ თაობას საკუთარი ცოდნის დემონსტრირებისა და ამ სფეროში დამკვიდრების საშუალება მისცეს.

"საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობა წარმოადგენს. სამწუხაროდ, ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი საკუთარი პროფესიით ვერ მუშაობს ან რიგი მიზეზების გამო იძულებულია, რომ დაკავდეს საქმიანობით, რომელიც არ უყვარს. პრობლემა გაცილებით სიღრმისეულიც კია და მოზარდობის ასაკთან მივყავართ - დამეთანხმებით, რომ რთულია სრულიად გამოუცდელმა ახალგაზრდამ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, აირჩიოს სასურველი პროფესია, რომლის მეშვეობითაც მოგვიანებით თვითრეალიზებას შეძლებს. პირადად ჩემთვის გაცილებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა კადრი ფაქტობრივად იძულებულია საზღვარგარეთ წავიდეს და თავი უცხოეთში დაიმკვიდროს. ფორუმი, რომელშიც ქირურგიის ეროვნული ცენტრი აქტიურად მონაწილეობს, ეძღვნება პირველ რიგში იმას, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია შედგეს პოტენციურ დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს შორის. ჩვენი კლინიკა სწორედ ამ მიზნით თანამშრომლობს კარიერის დაგეგმვის ცენტრთან. 2-წლიანი თანამშრომლობის მანძილზე გავიცანით ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელიც მედიცინითაა დაინტერესებული და აპირებს მომავალი კაცობრიობის მიერ შექმნილ ყველაზე ჰუმანურ პროფესიას მიუძღვნას, ჩამოყალიბდეს კარგ ექიმად და გადაარჩინოს სიცოცხლე. კარიერის დაგეგმვის ცენტრის მისია ნამდვილად ფასდაუდებელია და ქირურგიის ეროვნული ცენტრი მოხარულია, რომ ამ კეთილშობილური მიზნის ნაწილია", - განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩადუნელმა. 

კარიერის დაგეგმვის ცენტრის დირექტორმა მერი ტარიელაშვილმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ახალგაზრდებზე ზრუნვისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.  

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი 2 წელია აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაცია "კარიერული დაგეგმვის ცენტრთან". ორგანიზაცია ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. თანამშრომლობის ფარგლებში კლინიკამ არაერთხელ უმასპინძლა იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გეგმავენ, რომ მომავალი მედიცინას დაუკავშირონ.

აღსანიშნავია, რომ მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პროფესიული ორიენტაციის დარგში ქირურგიის ეროვნული ცენტრი საპატიო ჯილდოთია დაფასებული.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას კვლავ გააგრძელებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!