ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ჩვენი რესპონდენტია ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თეა გამეზარდაშვილი:
სრულიად საქართველოს გილოცავთ შობა– ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, სიკეთესა და წარმატებას!
ბედნიერი ვარ, რომ გვყავს ბევრი მადლიერი პაციენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით,– და ეს ჩვენი კლინიკის თითოეული წევრის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. განსაკუთრებით მივესალმები მათ და ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს!
– ქალბატონო თეა, თქვენი აზრით, რა არის ქირურგიის ეროვნული ცენტრის უპირატესობა?
– ქირურგიის ეროვნული ცენტრი მდიდარი ტრადიციების მქონე დაწესებულებაა, რომელიც 1946 წელს დაარსდა. მან სათავე დაუდო საქართველოში არამარტო ქირურგიის, არამედ მედიცინის ბევრი დარგის განვითარებას. ჩაფიქრებული იყო როგორც ქირურგიის ინსტიტუტი, მაგრამ რეალურად, დასაბამი მისცა ისეთი დარგების განვითარებას როგორიცაა სისხლის დაავადებები, ჰემატოლოგია და ონკოჰემატოლოგია, ტრანსპლანტოლოგია და სხვა.
ბევრი სასახელო ექიმი გაიზარდა მის კედლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენს კლინიკას აკისრია დიდი პასუხისმგებლობა ქართული მედიცინის და მთლიანად ქართული საზოგადოებრიობის წინაშე. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ორიენტირებულნი ვართ პროგრესზე და იმ საქმის გაგრძელებაზე, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა.
2011 წლიდან დღემდე ცენტრი განიცდის აღმშენებლობას, განახლდა ინფრასტრუქტურა, განვითარდა ბევრი ქირურგიული და თერაპიული დარგი, აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით და დღეისთვის ის წარმოადგენს რეალურ პოლიპროფილურ ჰოსპიტალს.
ჩვენი უპირატესობაც სწორედ ამაშია, – მძლავრ ისტორიულ ტრადიციებზე დაფუძნებული პროგრესული მენეჯმენტი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და სხვადასხვა დარგის საუკეთესო პროფესიონალთა გუნდი.
– რას გვეტყვით ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრიორიტეტებზე?
– ჩვენი კლინიკის პრიორიტეტი იყო და რჩება ქირურგია, სხვადასხვა ქირურგიული მიმართულებების განვითარება. ზოგად ქირურგიაში ვაწარმოებთ უნიკალურ და ურთულეს ოპერაციებს, მათ შორის მინიინვაზიური მეთოდებით. ზოგად ქირურგიასა და გინეკოლოგიაში წარმატებით ხორციელდება ლაპარასკოპიული ოპერაციები მწვავე და ქრონიკული პათოლოგიების დროს.
დღეს სამედიცინო სტატისტიკის თვალსაზრისით ძალზედ აქტუალურია ონკოლოგიური დაავადებები და ჩვენ ავიღეთ გეზი ონკოლოგიის განვითარების მიმართულებითაც. ჩვენი კლინიკის პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და სწორედ ამ მიზნით სულ მალე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 4 სხივური ამაჩქარებლის ამოქმედება იგეგმება. გვსურს ჩამოვაყალიბოთ სრულყოფილი ონკოლოგიური სერვისის მიწოდების ცენტრი, რომელიც აღიჭურვება ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი ულტრათანამედროვე აპარატურით. ჩვენს კლინიკაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს ქიმიოთერაპიის სერვისი, მაგრამ გვსურს გავფართოვდეთ და ამ მიზნით პაციენტებს ძალიან მალე შევთავაზებთ სპეციალურად ქიმიოთერაპიისთვის განკუთვნილ დარბაზებს. მოვიცავთ ონკოლოგიის ყველა დარგს, – ონკოქირურგიას, ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას.
ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტი იყო და რჩება ანგიოქირურგიის განვითარება. ამ დარგს საქართველოში დასაბამი სწორედ ქირურგიის ინსტიტუტმა მისცა. გასულ წელს ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ბიპლან ანგიოგრაფით SHIMADZU TRINIAS B12-ით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ უნიკალური ოპერაციები როგორც მაგისტრალურ სისხლძარღვებზე, ისე თავის ტვინის არტერიებზე.
ჩვენი ცენტრის ერთ–ერთი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ ნეიროქირურგიის განვითარება. წარმატებით ხორციელდება ოპერაციები როგორც თავის, ისე ზურგის ტვინზე.
ასევე ვგეგმავთ კარდიოლოგიური დარგის სრულყოფილი ფორმით განვითარებას, რომელშიც ინტერვენციული კარდიოლოგიის გარდა გაერთიანდება კარდიოქირურგიული და არითმოლოგიური მიმართულებები.
– თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში როგორი სახით უნდა წარმოგვიდგეს ქირურგიის ეროვნული ცენტრი?
– ქირურგიის ეროვნული ცენტრი იქნება მწვავე და გეგმიური სერვისების სხვადასხვა პროფილით წარმოდგენილი მძლავრი პოლიპროფილური ჰოსპიტალი.
ჩვენი კლინიკის ექიმები 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
– ქირურგიის ეროვნული ცენტრი რეგიონებში ხშირად მართავს უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციებს...
– ჩვენ ვცდილობთ, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი სერვისები მოსახლეობისთვის. რეგულარულად ვაწარმოებთ უფასო კონსულტაციის აქციებს – კვირაში რამდენიმე დღე არის გამოყოფილი უფასო კონსულტაციის სახით სხვადასხვა პროფილის მიხედვით. ეს სერვისი ჩვენს კლინიკაში 2012 წლიდან დაინერგა და დღემდე წარმატებით ხორციელდება.
ასევე ვცდილობთ, რეგულარულად გავიდეთ რეგიონებში და ადგილზე ჩავუტაროთ მოსახლეობას სამედიცინო გასინჯვა. აქციაში მონაწილეობას ღებულობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, რომელთა კომპეტენტური აზრი ძალზე მნიშვნელოვანია ავადმყოფობის დროული და სწორი დაიგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. აქციების მნიშვნელოვანი ბენეფიტია მედიკამენტები, რასაც უსასყიდლოდ გვაწვდის „ავერსი ფარმა“ და უფასოდ ვურიგებთ უფასო გასინჯვებზე მოსულ ადამიანებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კოლექტივი ცდილობს მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი და სრულ მზადყოფნაშია, – იყოს თავისი ქვეყნის სამსახურში ყველგან და ყველაფერში!
ავტორი ეკატერინე ციცხვაია