17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ჰემოფილიით დაავადებულ პატარებს დღესასწაული მიულოცა. კლინიკამ ჰემოფილიის მქონე ბავშვები საქველმოქმედო კონცერტზე „სტუმრად ბარბარესთან“ მიიწვია. ღონისძიებაში, რომელიც არტ–ჰოლში გაიმართება, მონაწილეობენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები თეიმურაზ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე, ბესო კალანდაძე და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ჰემოფილიის პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა, მკვეთრად გაიზარდა ბენეფიციართა მკურნალობისა და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს ყველა პროფილის ექიმი. ამ ფაქტს მუდმივად მადლიერებით აღნიშნავენ ჰემოფილიით დაავადებულები.
ამასთან, კლინიკა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, რომელიც კი ჰემოფილიით დაავადებული პატარებისთვის მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, ყოველ წელს კლინიკის თანაორგანიზებით, ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები საზაფხულო სარეაბილიტაციო ბანაკში ისვენებენ. წელს ბავშვების ნაწილი კურორტ წყალტუბოში იმყოფებოდა, ხოლო ნაწილი ლიტველ და უკრაინელ თანატოლებთან ერთად ქალაქ ვილნიუსში მდებარე საზაფხულო ბანაკში ისვენებდა. ქირურგიის ეროვნული ცენტრი მოხარულია, რომ აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში, რადგან მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ბანაკები ჰემოფილიის მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ისინი გართობასა და დასვენებასთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრებას, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას სწავლობენ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!