როგორია ხორხის ანთებითი პროცესის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი

როგორია ხორხის ანთებითი პროცესის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი

ჩვენი საიტის ერთგულ მკითხველს ემახსოვრება სტატია, სადაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოტო–რინო–ლარინგოლოგი, ბეჟან ხელაშვილი ყურის ანთებაზე საუბრობდა. ამჯერად

ბატონი ბეჟანი ლარინგიტის მკურნალობის მეთოდზე გვესაუბრა.

ლარინგიტი, ხორხის ანთება - როგორია მკურნალობის მეთოდი და თქვენი რეკომენდაცია?
-  რაც შეეხება ხორხის ანთებას! როგორც უცხოური, ასევე ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკით დასტურდება, რომ 90%-ში გართულება მოყვება რეფლუქსს. რეფლუქსი ე.წ. გულძმარვა კუჭიდან ამოსული სითხეა, რომელიც არის მჟავა, ხორხში მჟავა გარემოს ქმნის და „იწვება“. დამწვრობის შემდეგ კი ხორხის ანთება იწყება, ხორხის ლორწოვანი შუპდება, ლორწოს გამონადენი უფრო შესქელებულია. შეშუპება და შესქელებული ლორწო ხორხში უცხო სხეულის შეგრძნებას, დისკომფორტს იწვევს. ეს ყველაფერი გადაყლაპვის საშუალებას ართულებს და ადამიანს ხველის განცდა უჩნდება.
გარდა ამისა, კუჭის სიმჟავე სოკოს განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, მკურნალობის პირველივე ეტაპზე საჭიროა ჩაერიოს გასტროენტეროლოგი, რომელიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს აგვარებს და ამის შემდეგ სხვადასხვა პრეპარატის გამოყენებას ვიწყებთ. ანთებითი პროცესის ჩასაწყნარებლად ვიყენებთ როგორც ქიმიურ, ასევე მცენარეულ პრეპარატებს. გარდა რეფლუქსისა, გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი ცხოვრების წესი, კერძოდ: ცხარე-მჟავე კერძები, გაზიანი სასმელები, ცხელი ჩაი, ყავა, საკვები. ცხელი საკვებისა და სასმელის მიღებით მექანიკური დამწვრობა ვითარდება. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ ბავშვს ყელი სტკივა ცხელი რძე უნდა დაალევინონ. ცხელი არაფერი შეიძლება!  ასევე მოერიდეთ ძალიან ცივსაც. შევეცადოთ, მავნე ჩვევები შევზღუდოთ. 

საჭიროა, ყურადღება გავამახვილოთ ხმოვან იოგებზე, რომელზეც სხვადასხვა სახის წანაზარდები წარმოიქმნება.  ამას შეიძლება ჰქონდეს პროფესიული მიზეზები მაგალითად, მსგავსი სიმპტომები გვხვდება პედაგოგებსა და მომღერლებში, რომელთაც ხშირად უწევთ ხმამაღლა სიმღერა და საუბარი. თავდაპირველად, ხმის ტემბრის ცვლილებები იჩენს თავს და ამ შემთხვევაში, საქმეში უნდა ჩაერთოს ფონიატრი, რომელმაც მათ ხმის ტემბრის სწორი მართვა, დატვირთვა უნდა ასწავლოს. თუ იოგებზე წამონაზარდი მაინც წარმოიქმნა, საჭიროა ენდოსკოპიური გამოკვლევა. ასეთი კვლევები ჩვენს კლინიკაში ტარდება და მისი საშუალებით ვადგენთ როგორია ამ წარმონაქმნის წარმომავლობა.

- რას გვეტყვით ანგინის შესახებ? რა იწვევს მას და როგორ ვუმკურნალოთ?
-  ანგინის წარმოქმნისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი ისევ და ისევ ცხვირია. როცა ადამიანს ცხვირით სუნთქვა უჭირს პირს აშველებს. პირით ჰაერის შეშვების დროს კი ბრონქებამდე ჩასვლისას, პირველი ბარიერი  ნუშურა ჯირკვალია - ის იღებს პირველ დარტყმას. სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პროცენტულად ნუშურა ჯირკვლის ოპერაციის უფრო მეტი რაოდენობა კეთდება და ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. საქართველოში მითუმეტეს დედაქალაქში სერიოზული ეკოლოგიური პრობლემაა. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ ადამიანს ცხვირით  სუნთქვა უჭირს. მთელი ეს დაბინძურებული ჰაერი, თავისი ბაქტერიებით, ვირუსებით ნუშურა ჯირკვალზე ხვდება, რომელსაც თავისი რეზერვი აქვს. რაღაც დონეზე შეიძლება გაუძლოს, მაგრამ შემდეგ ორგანიზმი ვეღარ ერევა ბაქტერიას, სტრეპტოკოკის ბაქტერია სისხლში გადადის  და ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაცია. ადამიანები ფიქრობენ, რომ ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტი ლოკალური პრობლემაა. მინდა განვმარტო, ინტოქსიკაციის დროს, სტრეპტოკოკი გადადის სისხლში და აღწევს სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის გულში, თირკმელებში, სახსრებში და ა.შ. შესაძლებელია განვითარდეს ისეთი დაავადებები როგორიცაა: ენდოკარდიტი, თირკმლის უკმარისობა, რევმატიზმი, რევმატიული ართრიტები და სხვა. სწორედ ამ უკმარისობების პრევენციის მიზნით, ტარდება ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთა.

- დავუბრუნდეთ ადენოიდებს. ძირითადად, რა ასაკის ბავშვებში ვლინდება?
- ადენოიდი ქსოვილია, რომელიც გარდატეხის ასაკში „იწოვება“ და ქრება. ბავშვი, ან მშობელი ადენოიდით ზედმეტად შეწუხებული თუ არაა, ვცდილობთ ხელი არ ვახლოთ, რადგან ესეც ბარიერს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ლიმფოიდური ქსოვილია და იმუნური სისტემის შექმნაში იღებს მონაწილეობას, ხელოვნური ბარიერის ფუნქციასაც ითავსებს. უნდა აღინიშნოს, რომ მედიცინა პრიორიტეტების დარგია. ჩვენს პრიორიტეტს ის წარმოადგენს, რომ ადამიანმა ცხვირით შეისუნთქოს და ორგანიზმმა სათანადო რაოდენობის ჟანგბადი მიიღოს. თუ ადენოიდი იმდენადაა გადიდებული, რომ სავალს კეტავს და ამ დროს ბავშვებს სუნთქვის შეჩერება ახასიათებთ (აპნოე), მაშინ რეკომენდებულია ადენოტომია. პრიორიტეტულია, ადენოიდი პატარა იყოს და ამისთვის, ადენოტომიას ვაკეთებთ. იმ შემთხვევაში თუ ბავშვმა რაღაც ასაკი გადალახა, მოზარდია, მაგრამ ეს პრობლემა მაინც აწუხებს, სუნთქვის გაძნელებას ადენოიდს ნუ დააბრალებთ, რადგან 99%-ში მათ ცხვირში აღარ აქვთ ადენოიდი - პრობლემა სხვა რამეში უნდა ვეძებოთ. რაც შეეხება საოპერაციო ასაკს, გამოკვეთილი ტენდენცია არაა. თუ ესაჭიროება უნდა გაკეთდეს - ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.


თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოტო-რინო-ლარინგოლოგს, ბეჟან ხელაშვილს
579 98 47 74
595 28 38 18


ავტორი ეკატერინე ციცხვაია