2 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.
ღონისძიება ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 74–ე და კლინიკის დამაარსებლის, აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადებიდან 131–ე წლისთავს ეძღვნება.
საიუბილეო თარიღის ფარგლებში გაიმართება რიგით მე–6 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“.
კონგრესი ჩატარდება ერთდროულად მიმდინარე კონფერენციებისა და სიმპოზიუმების სახით – ქართველი და უცხოელი სახელოვანი მეცნიერები, ექიმები წარმოადგენენ მოხსენებებს.
ნაშრომები ეხება ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებას. განხილული იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტები.
კონგრესზე წარდგენილია 3 ძირითადი თემა:
- ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები;
- ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრინციპები;
- თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების მნიშვნელობა მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრაში.