ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამა
თვალის ხელოვნური ბროლი მე-20 საუკუნეში, აშშ-ში შეიქმნა და მას შემდეგ ეს მაღალტექნოლოგიური პროდუქტი აქტიურად გამოიყენება მედიცინაში.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის მოქმედ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც პაციენტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ეს ლინზები სრულიად უფასოა! ამ და მხედველობასთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ დაწვრილებით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოქირურგი, კონსტანტინე ჩიქოვანი გვესაუბრება.
რა არის კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია?
-მსოფლიოში მხედველობის დაქვეითების პირველი მიზეზი კატარაქტაა. მისი მოცილება ხდება ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით, რომლის დროსაც ბროლის მაგივრად ხდება ლინზის იმპლანტაცია. რაც შეეხება კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციას, იგი მკურნალობის ქირურგიული მეთოდია, რა დროსაც თვალში ხდება ბროლის დაქუცმაცება და შემდეგ ამ ფრაგმენტების მოცილება. ჩარევა სრულდება უნაკეროდ, პოსტოპერაციული რეაბილიტაცია კი, მიმდინარეობს სწრაფად.
რა პროცესები ვითარდება თვალში, როგორ ვხედავთ და აღვიქვამთ სამყაროს?
-გარე სამყაროს აღსაქმელად სინათლის სხივმა უნდა შეაღწიოს ჩვენს თვალებში, გარდატყდეს და აისახოს ბადურა გარსზე. ამ გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ბროლი, რომელიც ასრულებს სინათლის გარდამტეხ, მაფოკუსირებელ და თვალისთვის მავნე გამოსხივებისგან დამცავ ფუნქციებს. დროთა განმავლობაში ბროლი კარგავს გამჭვირვალობას, ამიტომაც შეიქმნა „ხელოვნური ბროლები“ - ინტრაოკულარული ლინზები.
ყველა ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ლინზა, რომელსაც ექნება საჭირო გარდატეხის ძალა, რათა გამოსახულება დაფოკუსირდეს ბადურა გარსზე.
რა არის ლინზა? რა ტიპის ლინზები არსებობს და რის მიხედვით განარჩევენ მათ?
-თვალის ხელოვნური ბროლები არის მაღალტექნოლოგიური იმპლანტები. ისინი განსხვავდებიან შემადგენლობით, ფილტრების სტრუქტურით, ფუნქციით, მწარმოებლის წარმომავლობით და სხვა მახასიათებლებით.
დღეს ოპერაციების უმეტესობა სრულდება კუმშვადი ხელოვნური ბროლების გამოყენებით, ამიტომაც მოკლედ და გასაგებად აღგიწერთ მათ ძირითად სახეებს:
მონოფოკალური ხელოვნური ბროლი
იგი გამოიყენება შორ მანძილზე კარგი და მკაფიო მხედველობისთვის. ოპერაციის შემდეგ კითხვისთვის საჭიროა სათვალე. ხელოვნური ბროლის დამზადებისას გამოიყენება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მასალა. ის არ იცვლის ფორმას, მაგრამ მისი ფოკუსირება სხვადასხვა მანძილზე შესაძლებელია.
სფერული ხელოვნური ბროლი
ხელოვნური ბროლის სფერულობისას მაქსიმალურად მკვეთრი გამოსახულება მიიღება სინათლის სხივის ბროლის ოპტიკური ნაწილის ცენტრში მოხვედრისას. იმპლანტაციის შემდეგ მხედველობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
ასფერული ხელოვნური ბროლი
ხელოვნური ბროლის ასფერულობა ნიშნავს, რომ ბროლის რა ნაწილშიც არ უნდა მოხვდეს სინათლის სხივი, ის ერთნაირად გარდატყდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამით, როცა გუგა მაქსიმალურად ფართოა. ამ ტიპის ბროლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ღამით ავტომობილის მართვისას მკვეთრი, შემხვედრი განათება ნაკლებ დისკომფორტს ქმნის. ასფერული ბროლები გამოირჩევიან გამოსახულების მეტი სიმკვეთრით და ფერების უკეთესი აღქმით.
მულტიფოკალური ხელოვნური ბროლი
თუ თქვენ არასოდეს გქონიათ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად კომფორტულია გამოსახულების ნებისმიერ მანძილზე თანაბრად მკაფიოდ აღქმა.
ზოგადად კი, 40 წლის ასაკიდან ბროლი კარგავს ელასტიურობას და ადამიანს თანდათან უჭირს ახლო მანძილზე კითხვა ან საგნების გარჩევა. ამას „პრესბიოპია“ ეწოდება.
მულტიფოკალური ბროლი ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურია. მათი საშუალებით გამოსახულება ერთნაირად აღიქმება ყველა მანძილზე. ეს მიიღწევა ხელოვნური ბროლის რთული აგებულებით: მისი ერთი ნაწილი უზრუნველყოფს მხედველობას ახლო მანძლზე, მეორე - საშუალო მანძილზე, მესამე კი - შორ მანძილზე.
ტორიული ხელოვნური ბროლი
თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, შეიქმნა ხელოვნური ტორიული ბროლები, რომლებიც გარკვეულ ფარგლებში ასწორებენ ასტიგმატიზმს და ბევრად აუმჯობესებს მხედველობას, ვიდრე ჩვეულებრივი, არატორიული ხელოვნური ბროლები. აღნიშნული ბროლები მოითხოვს განსაკუთრებულად რთულ გამოთვლებს და კვლევებს. მათი გამოყენების შესახებ რეკომენდაციას კი, მხოლოდ ქირურგი იძლევა. ბოლო წლებში დაიწყო მულტიფოკალური ტორიული ხელოვნური ბროლების გამოყენება, რომელთა დახმარებითაც, ასტიგმატიზმის მქონე პაციენტები ყველა მანძილზე ერთნაირად მკაფიოდ ხედავენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რას სთავაზობს ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს?
-ჩვენი კლინიკა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს სთავაზობს ამერიკული წარმოების, კომპანია „USIOL“-ის ლინზებს. პაციენტი ამ ლინზაში არ იხდის ფულს!
რაც შეეხება დაფინანსების წესებს, სოციალურად დაუცველ პირებს ოპერაციული ჩარევა სრულად უფინანსდებათ, ხოლო ამ სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ ღირებულების მცირე ნაწილის დაფარვა უწევთ.
ზოგადად კი, ჩვენს ცენტრში პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ თითქმის სრული ოფთალმოლოგიური სერვისებით, რადგან კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური და ქირურგიული აპარატურით.
რა უპირატესობა აქვს USIOL-ის ფირმის ამერიკულ ლინზებს?
-ამ ლინზების უმთავრესი უპირატესობა მისი მაღალი კლასის ფილტრია, რომელიც თვალს იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგნ. ლინზის კონსტრუქცია უზრუნველყოფს თვალში კარგ ფიქსაციას და კარგი, მკაფიო გამოსახულების მიღებას.
როგორ მოიქცეს პაციენტი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა სურს?
-პირველ რიგში, პაციენტი უნდა მობრძანდეს ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე. მას არ უწევს რაიმე დოკუმენტების მომზადება ან შეგროვება, რადგან სახელმწიფო დაფინანსების მიღებისათვის საჭირო ყველა ეტაპს კლინიკა თავის თავზე იღებს.
ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
შეგახსენებთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს ემსახურება 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე!
გისურვებთ ჯანმრთელობას!