ამნეზია

კითხვა: მოგესალმებით, დედაჩემი 70 წლისაა. მეხსიერების პრობლემა არასრდოს ჰქონია. უცებ ახლო წარსულში ყველაფერი დაავიწყდა. ეს მომენტალური დაკარგვა იყო მეხსიერების. არ ახსოვს პატარა შვილიშვილი 2 თვის რომელიც ყველაფერს ურჩევნია და ა.შ. გთხოვთ მოგვწეროთ ვიცი რომ საშიშია მაგრამ გვითხარით პროგრესულად რომ არ განვითარდეს. რამდენად ეშველება სავარაუდოდ არის განკურნებადი?
პასუხი:

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,დედათქვენს დაემართა მახსოვრობის უნარის გარდამავალი მოშლა,ანუ სამედიცინო ტერმინოლოგიით ამნეზია .ამნეზიურ სინდრომს განაპირობებს ტვინის იმ რეგიონების დაზიანება, რომლებიც ლიმბურ სისტემას ქმნის. ესენია საფეთქლის მედიალური სტრუქტურები, დიენცეფალონი და წინა ტვინის ბირთვები. ამ სტრუქტურების ორმხრივი დაზიანება ამნეზიურ სინდრომს იწვევს. ამნეზიურ სინდრომს იწვევს ზოგიერთი დაავადებაც, უმეტესად - თავის ტვინის ტრავმა. ქალა-ტვინის ტრავმებს რეტროგრადული ამნეზია ახასიათებს. საშუალო და მძიმე ტრავმის შემთხვევაში მეხსიერების დაზიანებას უმეტესად თან ერთვის ერთი ან რამდენიმე კოგნიტიური ფუნქციის დაზიანება, რაც ტრავმის მიზეზზე, დაზიანების მხარეზე, პრემორბიდში პიროვნების კოგნიტიურ და პერსონალურ ფაქტორებსა და ტრავმის შემდგომ დაწყებულ მკურნალობაზეა დამოკიდებული. ქალა-ტვინის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტრავმის შემდგომ ერთიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში კოგნიტიური ფუნქციები უმეტესად უმჯობესდება.

ამნეზიური სინდრომის ერთ-ერთი სახეა ტრანზიტორული გლობალური ამნეზია. სინდრომი რამდენიმე საათიდან 24 საათამდე გრძელდება. ამ დროს არ ვითარდება ცნობიერების დაბინდვა, აფაზია (მეტყველების უნარის სრული ან ნაწილობრივი მოშლა), მხედველობით-სივრცობრივი დარღვევები. შეტევის განმავლობაში პაციენტს აღენიშნება როგორც ანტეროგრადული, ისე რეტროგრადული ამნეზია. ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის სინდრომის დროს ადამიანი უეცრად კარგავს მიმდინარე მოვლენების დამახსოვრების უნარს, უსასრულოდ კითხულობს, სად იმყოფება, ვერ აფიქსირებს მიღებულ პასუხს. შესაძლოა აღენიშნებოდეს კონფაბულაციები. ამნეზია ხანმოკლე და გარდამავალია, თუმცა არ არის გამორიცხული, დარჩეს მეხსიერების დეფექტი, რომელიც შეტევამდე არსებულ პერიოდს მოიცავს. სინდრომის ეტიოლოგია უცნობია, თუმცა არსებობს კავშირი საფეთქლის ეპილეფსიასთან, შაკიკთან, თავის ტვინის ტრანზიტორულ იშემიასთან ორმხრივად ან ცალმხრივად ჰიპოკამპის დონეზე.თანამედროვე გაიდლაინებით მეხსიერების სამკურნალოდ მოწოდებულია მრავალი მედიკამენტი. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ, ეტიოლოგიურ ფაქტორზე.
მეხსიერების გასაუმჯობესებლად მოწოდებულია კოგნიტიური ვარჯიშები - კროსვორდების ამოხსნა, დისკუსია. კარგი იქნება, ვუსმინოთ მუსიკას, ხელი მოვკიდოთ ხელოვნების რომელიმე დარგს. ყოველივე ეს ზრდის თავის ტვინის პლასტიკურობას. მნიშვნელოვანი ფაქტორია კვებაც, კერძოდ, ომეგა-3-ის შემცველი უფრო მეტი პროდუქტის ჩართვა კვების რაციონში. ცხოველური ცხიმისა და ქოლესტერინის რადიკალურად აკრძალვა არ არის რეკომენდებული.
თქვენს შემთხვევაში აუცილებელია ნევროლოგთან ვიზიტი ,რომელიც შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს , დაგისახავთ მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას .
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო ვიზიტზე .
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა