არტერიული ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 18 წლის გოგო. მაწუხებს მაღალი წნევები.140/80 ზე მაქვს ხოლმე ხშირად მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მაქვს კიდევ უფრო დიდი პრობლემა, რომელმაც მოსვენება დამაკარგინა. როდესაც ძალიან აღელვებული ვარ და გული არანორმალურად მაქვს აჩქარებული შიშის გამო და წნევას მიზომავენ ასეთ რამეს მეუბნებიან უკვე ორმა ადამიანმა მითხრა. გაზომვის დროს გულის ცემის ხმა 200-ზეც კი ისმისო. პირველად დედამ მითხრა მაგრამ მერე სხვანაირად იწყება გულის ცემაო და იმით ვხვდები რამდენი გაქვს წნევაო. ერთხელ ასე მითხრა 200 -ზეც ისმის გულის ცემა მაგრამ მერე 120 -იდან სხვანაირად დაიწყო და 120/80 ზე გაქვსო. არანაირი წამალი არ დამილევია. ნახევარი საათის შემდეგ კიდევ გამიზომა და 110/70-ზე მქონდა ეხლა ჩვეულებრივ ისმის გულის ცემის ხმა 110 იდანო. ფარმაცევტმაც მითხრა ერთხელ 180 ზე ტუკ-ტუკი დაიწყო მერე მალევე გაჩერდა და 140/80ზე გაქვსო. სასწრაფოს ექიმებმა მითხრეს ასეთი რამ შეუძლებელია ალბათ ვერ გიზომავენ კარგადო. ვერ გამიგია მართლა 200 მაქვს ხოლმე წნევა? ექიმებმა შანსი არაა რომც მოინდომო მაგდენი ვერ გექნებაო. თან წამალსაც არ ვსვამ იმიტომ რომ მეუბნებიან გულისცემა სულ იმიტომ ისმის რომ ძალიან აჩქარებული გაქვს წნევა არ გაქვს მაღალიო. გთხოვთ რამით დამამშვიდეთ თორემ ნერვიულობისგან მოვკვდები
პასუხი:

მოგესალმებით,
აუცილებელია, თავდაპირველად დაისვას არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი. დიაგნოზი დაისმის, როდესაც მინიმუმ ორჯერ ერთკვირიანი შუალედით გადამოწმებისას არტერიული წნევა ნორმულ მაჩვენებლებს აღემატება. ამის შემდეგ ჰიპერტენზიის ხარისხისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკფაქტორთა თანაარსებობის საფუძველზე ვადგენთ მკურნალობის სტრატეგიას.
გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას.
● წნევის გაზომვა სასურველია ერთსა და იმავე დროს, რადგანაც ადამიანს დღის განმავლობაში არტერიული წნევის დაახლოებით 100 000 განსხვავებული მაჩვენებელი უფიქსირდება. შესაბამისად, ერთჯერადი გაზომვის მაჩვენებელი შეფასებისათვის არ გამოდგება;
● არტერიული წნევის გაზომვის წინ საჭიროა დასვენება არანაკლებ 5 წუთი;
● გაზომვის დროს უნდა დაჯდეთ და მიეყრდნოთ სკამის საზურგეს, და უძრავი ხელი მოხერხებულად დადოთ მაგიდაზე;
● მანჟეტი წინამხარზე უნდა იყოს შემოხვეული გასაბერი ნაწილის ცენტრით პირდაპირ მხრის არტერიაზე, ხოლო მანჟეტის ქვედა კიდე უნდა იყოს იდაყვის ნაღუნის ზემოთ დაახლოებით 2-3 სმ-ზე;
● ფეხები გაზომვის დროს არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული;
● ტერფები უნდა იდოს იატაკზე;
● შარდის ბუშტი არტერიული წნევის გაზომვის წინ უნდა დაცარიელდეს;
● მხარზე არ უნდა იყო შემოჭერილი ტანსაცმელი (მითუმეტეს დაუშვებელია ტანსაცმლიდან გაზომვა);
● განმეორებით გაზომვამდე უნდა გავიდეს 1 წუთი.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მდგომარეობა საყურადღებოა.
სასურველია გამოირიცხოს გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით,  გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა