დიაბეტი, ჰიპერტენზია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მყავს 68 წლის დედა,დიაბეტიანი(არა ინსულინ დამოკიდებული),აქვს ჰიპერტენზია,მკურნალობს მუდმივად მაგრამ წნევა მაინც 180-190,ხან 200 აქვს.აწუხებს სისუსტე,უხალისობა და უენერგიობა.გთხოვთ მირჩიოთ რაიმე პრერარატი ან სხვა რამე საშუალება რომ ხალისი და ენერგია დაუბრუნდეს.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
დიაბეტი ადამიანში ბევრ ორგანოს და ორგანოთა სისტემას აზიანებს, ხოლო უპირველესად დიაბეტის მავნე ზემოქმედება ვლინდება სისხლძარღვების და ნერვულ სისტემებზე.
დიაბეტის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან პაციენტის დაზღვევის ძირითადი მეთოდი, დიაბეტის სწორი მართვა, დიეტის და ცხოვრების რეჟიმის პერმანენტული დაცვაა.
დიაბეტი სისხლძარღვებს საგრძნობლად აზიანებს. სწორედ ამის ბრალია, რომ პათოლოგიის დროს ბევრი ორგანო მწყობრიდან გამოდის და ფუნქციას კარგავს.
რაც შეეხება ჰიპერტენზიას, ამ პათოლოგიის განვითარებაში ბრალი დიაბეტსაც მიუძღვის.
გირჩევთ, დაიცვათ დიეტა, შეზღუდოთ სუფრის მარილის მოხმარება და რაც მთავარია, რეგულარულად მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები.
პათოლოგიური ცვლილებები ნერვულ სისტემაზეც ვრცელდება, ხშირია ისეთი ტიპის გამოვლინებები, რომლებიც პაციენტის ხასიათსა და საერთო მდგომარეობაზე აისახება. ესენია: ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება, ახალი ინფორმაციის ათვისების გაძნელება, სწრაფი დაღლა, თავის ყრუ ტკივილები, ემოციური, გონებრივი გადაძაბვა, დროთა განმავლობაში ამას ერთვის შრომის უნარის დაქვეითება, იოლად გაღიზიანება, ინტერესთა სფეროს შევიწროება, ძილის დარღვევა.
ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა არანაკლებ ეფექტიანია შრომისა და დასვენების რეჟიმის მოწესრიგება, ჯანსაღი კვება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა და, რაღა თქმა უნდა, მავნე ჩვევებზე (თამბაქოზე, ალკოჰოლზე) უარის თქმა.
დისტანციურად პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ასეთი პრეპარატები გაიცემა მხოლოდ აფთიაქიდან რეცეპტის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არის კანონდარღვევა და დასჯადია.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან და ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ობიექტურად შეაფასდება პაციენტის მდგომარეობა და დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა