მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ფინლეფსინი;
- რა არის ეპილეფსია;
- ეპილეფსიის მკურნალობა;
- გულყრის მიზეზები;
- ეპილეფსიის ფორმები.
მოგახსენებთ, რომ მედიკამენტი „ფინლეფსინი“ ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებაა. დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომებიც ჰგავს ეპილეფსიას, რომელიც თავის ტვინის დაავადებაა. ეპილეფსია ხასიათდება ხანმოკლე შეტევებით, ეგრეთწოდებული გულყრებით. მისი განვითარების ბიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის ნეირონების ნორმალური აქტივობის უეცარი დარღვევა, კერძოდ, აგზნება-შეკავებითი პროცესების მოშლა.
ეპილეფსია პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ანუ მას მრავალი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იწვევდეს, რის შედეგადაც ზიანდება ტვინის უჯრედების (ნეირონების) აქტივობა.
ეპილეფსიის მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია და წამლებით წარმოებს. ამ წამლებს ანტიკონვულსანტებს (ანტიეპილეფსიური პრეპარატები) უწოდებენ. მკურნალობის მიზანი კი, გულყრების სრული კუპირებაა.
თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ ეპილეფსიებს ორ დიდ ჯგუფად – ფოკალურ და გენერალიზებულ ფორმებად ვყოფთ.
პირველ შემთხვევაში გულყრა თავის ტვინის რომელიმე უბანში აღმოცენდება, ამიტომ მას ლოკალიზაციადამოკიდებულ ეპილეფსიურ გულყრასაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ უბანში ხდება გულყრის გენერაცია (შუბლის, საფეთქლის, თხემის თუ კეფის), გამოვლინებაც სხვადასხვაგვარია.
ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმა სხვადასხვა ანტიკონვულსანტს მოითხოვს, ანუ არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთნაირად შველის ეპილეფსიური გულყრის ყველა ფორმას.
გარდა ეპილეფსიისა, გულყრა შეიძლება ამა თუ იმ სიტუაციას, მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ან ნერვული ფონის სხვა ცვლილებას უკავშირდებოდეს, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა და მკურნალობა სჭირდება.
აუცილებელია, პაციენტმა გაიაროს ნევროლოგის (ეპილეპტოლოგის) კონსულტაცია და ჩატარდეს ელექტროენცეფალოგრაფია, ამ მიზნით კი, შეგიძლიათ მიმართოთ როგორც თქვენი მეუღლის მკურნალ ექიმს, ისე ჩვენი კლინიკის ნევროლოგს, რომელიც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემეგ, პაციენტს დაუნიშნავს აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!