მოგესალმებით,
თქვენთვის განკითვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ჰალიტოზი;
- ჰალიტოზის გამომწვევი მიზეზები;
- რა არის გასტრიტი;
- გასტრიტის სიმპტომები.
პირიდან ცუდი სუნი ანუ ჰალიტოზი მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა.
სუნი ადამიანის ცხოვრებაში, უდავოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მან შეიძლება სიმპათიით ან ანტიპათიით განგვაწყოს, თანაც ისე, რომ არც კი გავაანალიზოთ ეს გარემოება.
არცთუ იშვიათად პირიდან არასასიამოვნო სუნი ადამიანს ცხოვრებას უნგრევს - არ იღებენ სამსახურში, ნაცნობები ერიდებიან მასთან ურთიერთობას.
პირის ღრუში მიკროორგანიზმების 600-მდე სახეობაა აღმოჩენილი და მათი უმრავლესობა ენის უკანა ზედაპირზეა ლოკალიზებული. ენის ეს ნაწილი შედარებით მშრალია და ცუდად იწმინდება, რაც ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო პირობაა.
პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- რესპირატორული, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებები;
- კუჭის დაავადებები;
- ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა;
- თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
- უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი;
- შიმშილი ( მოდური დიეტები);
- სიგარეტი და ალკოჰოლი;
- ჰორმონული დარღვევები;
- სტომატოლოგიური პრობლემები.
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ ქრონიკული გასტრიტი.
გასტრიტი
იგი კუჭის ლორწოვანი შრის ანთებაა, რომელიც სხეულის ფუნქციებს არღვევს.
მას ხასიათებს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობა.
გასტრიტის სიმპტომებია:
- სიმძიმის შეგრძნება;
- გულძმარვა;
- ღებინება;
- დიარეა ან ფაღარათი;
- შეშუპება;
- მეტეორიზმი;
- პირის ღრუში უსიამოვნო სუნი.
ქრონიკული გასტირტის შემთხვევაში ვითარდება ატროფია. ჯანსაღი უჯრედების ადგილას პათოლოგიური უჯრედები წარმოიქმნება.
კუჭის არეში ლოკალიზებული ტკივილი თავისთავად არ იწვევს რაიმე გართულებას, თუმცა მუდმივი დისკომფორტი აუარესებს ცხოვრების ხარისხს და არცთუ იშვიათად საკვების მიღების სასიამოვნო პროცესს ტკივილის მოლოდინის შემაწუხებელი შეგრძნება ცვლის.
სასურველია, მოახერხოთ და დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს, მაგალითად მოახერხოთ სატელეფონო კავშირი საქართველოში მყოფი ახლობლების დახმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/samedicino-konsultaciebi-emigrantebistvis/59
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!