მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიმპტომები ჰგავს ჰემოროიდს ( ბუასილს ) რომელსაც თავადაც ვარაუდობთ.
არ არის აუცილებელი, მას ყოველთვის ერთვოდეს ქავილი, რადგან როგორც წესი, ჰემოროიდის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული თუ სად მდებარეობს.
● შიდა ბუასილი – როცა ჰემოროიდი სწორ ნაწლავშია. რასაკვირველია, მას ვერ ხედავთ, ან აღიქვამთ მას, როდესაც გარკვეულ დისკომფორტს შეიგრძნობთ, თუმცა კუჭის მოქმედებისას გაღიზიანებისა და დაჭიმვის გამო შეიძლება დაზიანდეს ჰემოროიდის ზედაპირი და გამოვლინდეს სისხლდენა;
● გარე ბუასილი – ჰემოროიდი წარმოდგენილია ანუსის გარშემო კანქვეშ. გაღიზიანების დროს თავს იჩენს ქავილის შეგრძნება ან სისხლდენა;
● თრომბირებული ბუასილი – ზოგჯერ სისხლი გუბდება შიდა ჰემოროიდულ კვანძში და ფორმირდება თრომბად, ამ მდგომარეობისას ვლინდება ძლიერი ტკივილი, შესიება, ანთება და ანუსთან დიდი ზომის კვანძი.
ბუასილის თვითმკურნალობა არ არის გამართლებული. პირველ რიგში აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, ვინაიდან შეიძლება გვეგონოს ბუასილი და იყოს მასთან ერთად ან მის გარეშე ნაპრალი.
ერთადერთი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ, სანამ სპეციალისტს მიაკითხავთ, არის ის რომ, აუცილებლად უნდა მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ბუასილის სიმპტომების პროვოცირება შეუძლია შეკრულობას, სიმძიმეების აწევას, ალკოჰოლსა და ცხარე საკვების მიღებას.
ბუასილის გამწვავება შესაძლებელია მოჰყვეს ფაღარათსაც.
რასაკვირველია, ისევე როგორც ნებისმიერი დავადების შემთხვევაში, ბუასილის დროსაც სრულფასოვანი მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან – პროქტოლოგთან, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
თქვენ ჩვენი „ხშირი პაციენტი“ ბრძანდებით, სასიამოვნოა როცა გვენდობიან, თუმცა როგორც თავადაც აღნიშნეთ, დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. უნდა მიმართოთ სპეციალისტს – სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ან ჩვენს კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმოწერის რეჟიმში რეკომენდაციების მოცემას ვეღარ გავაგრძელებთ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !