მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- COVID-19 გადაცემა ნაყოფზე;
- მშობიარობა კორონავირუსის დროს;
- რეკომენდაციები.
COVID-19-ის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ორსულმა შესაძლებელია ნაყოფს გადასცეს კორონავირუსი, ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის დროს. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროისთვის ვირუსი არ არის აღმოჩენილი ამნიონურ სითხესა და დედის რძის ნიმუშში.
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.
დაბადების მეთოდი უნდა იყოს ინდივიდუალური და დაფუძნებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გასათვალისწინებელია სამეანო მითითებები.
საჭიროა ზოგადი სახის რეკომენდაციების გათვალისწინება და ჰიგიენის ნორმების შესრულება.
ჩვენ შეგვიძლია, მოგცეთ მთავრობის მიერ დადგენილი, ზოგადი რეკომენდაციები:
- თვითიზოლაციის სივრცეში დაუშვებელია ვიზიტორებისა და სტუმრების მიღება;
- იზოლაციაში უნდა იყოთ დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში და აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა;
- იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული ჭურჭელი, პირსახოცი და საწოლი;
- საკვები უნდა გადმოგეცეთ არაპირდაპირი კონტაქტით;
- დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი;
- ზოგადად, კრიზისის დროს სტრესი, დაბნეულობა, ბრაზი ნორმალურია, ემოციებთან გასამკლავებლად, სატელეფონი კავშირი იქონიეთ ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან;
- ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცვლილებების დროს, დაუკავშირდით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი უწყების თანამშრომელს, თქვენთვის გამოყოფილ ოჯახის ექიმს, ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 15 05.
თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!