კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა

კითხვა: გამარჯობა კუჭის გამოკვლევა გასტროენდოსკოპიის გარეშე კიდევ რა საშუალებით არის შესაძლებელი? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით ქალბატონო ლია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. ენდოსკოპის საშუალებით ხდება ლორწოვანი გარსის დეტალური დათვალიერება, სარქველების ფუნქციონირების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ლორწოვანის დაზიანებული ნაწილის ბიოფსია. ამ გზით აღებულ მასალას უტარდება ციტოლოგიური ანალიზი წყლულისა და დაწყლულებული სიმსივნის დიფერენცირებისთვის.
ბარიუმის ფაფით რენტგენოლოგიურ გამოკვლევას დღეს იშვიათად მიმართავენ, რადგან შესაძლოა, გამორჩეთ მცირე ზომის წყლულები და ეროზიები. გარდა ამისა, ამ მეთოდით ბიოფსიის ჩატარება შეუძლებელია. გამოკვლევა, როგორც წესი, ტარდება უზმოზე, ჩვეულებრივ წინასწარი მომზადების გარეშე. მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის შემდეგ ,ხდება ლორწოვანი გარსის რელიეფის შესწავლა კუჭის მცირე ავსების პირობებში (ავადმყოფს ასმევენ რენტგენოკონტრასტული ნარევის 1 ყლუპს). მეორე ეტაპი – კუჭის გამოკვლევა - მისი დიდი ავსების პირობებში (ავადმყოფი სვამს 200–400 მლ. რენტგენოკონტრასტულ ნარევს). ამის შემდეგ ხორციელდება ავადმყოფის მრავალღერძიანი რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის დროსაც ათვალიერებენ ორგანოს ყველა ნაწილის კონტურებს. გაშუქების პროცესში ხდება მიმოხილვითი და დამიზნებითი რენტგენოგრამების გადაღება. იმისთვის რომ მოხერხდეს კუჭის ყველა ნაწილის დათვალიერება, გამოკვლევა ტარდება ავადმყოფის როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდებარეობაში. კუჭის გამოკვლევის შემდეგ აუცილებელია თორმეტგოჯა ნაწლავის გამოკვლევაც. 24 საათის შემდეგ, ნაწლავის ფუნქციური მდგომარეობის შესასწავლად , ნახულობენ ბარიუმის კონტრასტის გადანაწილებას ნაწლავებში.
არსებობს ასევე კუჭ–ნაწლავის სისტემის სრული გამოკვლევის შესაძლებლობა ვიდეოენდოსკოპიის მეთოდით ,სპეციალური კაფსულის საშუალებით,რომელშიც ინტეგრირებულია კამერა,საიდანაც გამოსახულება გადაეცემა მიმღებ მოწყობილობას და შესაძლებლობას იძლევა კაფსულის გადაადგილების მთელ გზაზე, საყლაპავიდან ანუსამდე, დათვალიერდეს საჭმლის მომნელებელი სისტემა .ეს ჩვენს კლინიკაში ახლო მომავლის პერსპექტივაა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი პროფესიონალი კადრებითა და თანამედროვე აპარატებითაა აღჭურვილი. კუჭის დაავადებათა დიაგნოსტიკა შეგიძლიათ მიმდინარე აქციის ფარგლებში ჩაიტაროთ.
სპეციალისტთან კონულტაციაზე ჩასაწერად და აქციის პირობების გასაგებად, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა