ბიოფსია ეს არის ცოცხალი ორგანიზმიდან ქსოვილოვანი მასალის აღება, რომელიც ემსახურება როგორც მორფოლოგიურ, ისე ციტოლოგიურ კვლევას.
როდის არის საჭირო ბიოფსია?
როდესაც რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებით ვერ ხერხდება დიაგნოზის დაზუსტება, ტარდება ბიოფსია.
კვლევის საუკეთესო მეთოდია, რადგან ციტოლოგს/მორფოლოგს საშუალებას აძლევს უჯრედები პირდაპირ, მიკროსკოპული გზით შეისწავლოს და პასუხს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
ბიოფსიით კლინიკური დიაგნოზი და პათოლოგიური პროცესის გავრცელების საზღვრები ზუსტდება.
ბიოფსიის სახეები
ერთმანეთისგან განასხვავებენ ბიოფსიის 5 ტიპს:
- წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიას;
- მსხვილნემსიან ბიოფსიას;
- ღია, ანუ ოპერაციულ ბიოფსიას;
- ლაპაროსკოპიულს;
- ენდოსკოპიურ ბიოფსიას.
რომელი ორგანოებიდანაა შესაძლებელი მასალის აღება?
გამოსაკვლევი ქსოვილის ნიმუშის აღება შესაძლებელია სხეულის თითქმის ყველა ორგანოდან. ბიოფსიით დგინდება რა ტიპისაა პათოლოგია, მაგალითად, ფუნქციურია თუ სტრუქტურული. ზოგჯერ დიაგნოზი უკვე დასმულია და ბიოფსიის ჩატარების მიზანს დიაგნოზის სიმწვავისა და დონის დადგენა წარმოადგენს.
ბიოფსია შესაძლოა ჩატარდეს როგორც ულტრასონოგრაფიის, ისე კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ასევე წარმატებით ტარდება ტრანსკუტანური ბიოფსია. ტრანსკუტანური ბიოფსიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგო ფიჩხაია.
„ტრანსკუტანური (კანგავლითი) ბიოფსიის დროს სპეციალური ნემსით პათოლოგიური კერიდან ვიღებთ ქსოვილს შემდგომი მიკროსკოპული შესწავლისა და დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით. კვლევა საშუალებას გვაძლევს პათოლოგიური კერის უჯრედები შევისწავლოთ და გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები დავადგინოთ. ბიოფსიას ვატარებთ ნებისმიერი ორგანოს წარმონაქმნიდან“, – განაცხადა ბატონმა გიგომ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!