კითხვა: გამარჯობა.მაქვს ნევროზი.მეღვიდძება ღამე ახალ ჩაძინებულზე და მქვს კანკალი გულის ფრიალი პულსი მაღალი და ვბუჟდები კიდურებზე.წნევა არ მიწევს ამ დროს ვატარებ 110/70 მაქვს ხშირი შარდვა ღამით.2/3 ჯერ.გნსაკუთრებით ცუდად ყოფნის დროს.ეს ყველაფერი პერიოდულად მემართება ან მენსტრუაციის წინ ან ნერვიულობაზე.ვარ 44 წლის.ახლა მტკივა კუნთები.მეკრუნჩხება ფეხები და მეწვის ღამე შეიძლება თუ არა დ ვიტამინის ნაკლებობამ გამოიწვიოს ეს სიმპტომები და გამიაქტიუროს ნერვული შეტევები .მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, მაგრამ, სავარაუდოდ საქმე ეხება მენოპაუზას, ეს ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედის მომწიფება უფრო და უფრო იშვიათდება, რაც არარეგულარული მენსტრუალური ციკლით ვლინდება და ადრე თუ გვიან დგება დრო, როდესაც საკვერცხეების ფუნქციონირება წყდება.
მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს.
ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, როგორიც არის ოფლიანობა, ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, შფოთვა, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა ადგილას (პარესთეზია), ჰორმონული ცვლილებების ლოგიკურ ასახვას წარმოადგენს და მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი.
დარღვევათა რიცხვს მიაკუთვნებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ოსტეოპოროზს, შარდის ბუშტის პრობლემებს (შარდის შეუკავებლობა და სხვა).
მიჩნეულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმით არის შესაძლებელი. ესენია:

  • ჰორმონების დეფიციტის შევსება;
  • ჯანსაღი, დაბალანსებული კვება;
  • საკმარისი ფიზიკური აქტივობა.

კვების რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებასაც უნდა ისახავდეს მიზნად, ვინაიდან ცხიმის ყოველი ზედმეტი კილოგრამი, რომელიც მუცლის არეში გროვდება, ზრდის მენჯის ფუძის კუნთებზე დატვირთვას და, შესაბამისად, შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლის ალბათობას.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიშებსაც იყენებენ.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა