კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს ორ კვირაზე მეტია ყურების დაგუბება, თავის ტკივილი მოდუნებულიც ვარ შედარებით. მაინტერესებს რამდენად საყურადღებოა და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული .
პასუხი:

მოგესალმებით,
შესაძლოა თქვენი ჩივილის მიზეზი იყოს ოტიტი, იგი ყურის ანთების ზოგადი სახელწოდებაა, თუმცა შესაძლებელია იგივე სიმპტომებს იწვევდეს ყურში გოგირდის საცობის არსებობა.
რაც შეეხება ოტიტს, ყველაზე გავრცელებულია შუა ყურის ანთება - შუა ოტიტი. ოტიტი სხვადასხვა მიკროორგანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად:

  • მიკრობები;
  • ვირუსები;
  • სოკოები.

დაავადების აღმოცენებას ბიძგს აძლევს მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია და გრიპი. გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს ხველის, ცემინების ან ცხვირის ენერგიულად მოხოცვის დროს ოტიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი სასმენი მილის გავლით შუა ყურში აღწევს.
გრიპოზული ოტიტი მკვეთრი სიმპტომებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით ვლინდება. გრიპის კლინიკური სურათის შედარებითი გაუმჯობესების ფონზე იწყება ყურის მუდმივი მფეთქავი ტკივილი, რომელიც გადაეცემა თავს, კისერს, კბილებს. ღამით ტკივილი ძლიერდება. არცთუ იშვიათად ვითარდება ნევრალგიური ტკივილი, რომელიც სამწვერა ნერვის ტოტების საპროექციო არეში (თვალისკენ, ცხვირისკენ, ქვედა ყბისკენ) ვრცელდება. ავადმყოფი უჩივის სმენის მკვეთრ დაქვეითებას, ხმაურს ყურებში.
მოსალოდნელია სისუსტე, შემცივნება და ტემპერატურის მომატება. ზუსტი დიაგნოზის დასმა დისტანციურად ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა