კითხვა: გამარჯობა. დავიწყებ იქედან რომ დღეს სამარშრუტო ტაქსში ორმა კაცმა დააცემინა, მეც გადმომედო მარა ვერ დავაცემინე. სახლში რო მოვედი ფანჯრებს ვწმენდი და ცოტა თხლად ვიყავი. ფანჯრების წმენდის შემდეგ 2 საათით დავიძინე და რო გამეღვიძა ვიყინებოდი, თვალები მაქვს ჩაშავებული, მცივა,არადა სიცხეა სახლში, მაკანკალებს,ხმა მაქვს ოდნავ ჩახლეჩილი, სიცხე სწრაფ-სწრაფად მიწევს ამჟამად 37.8 მაქვს,თავი მტკივა ოღონდ აი ჩვეულებრივად არა, თითქოს რაღაც მეწვის შიგნით და რა გავაკეთო? შესაძლოა რო ღორის გრიპი იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. H1N1 გრიპი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომლის გამომწვევია - გრიპის A ვირუსი, რომელიც გენეტიკურად ახლოს დგას ღორის გრიპის ვირუსთან.
ვირუსი იოლად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და იწვევს სეზონური გრიპისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
გრიპის დროს აღწერილი გართულებების ჩამონათვალი მსგავსია სეზონური გრიპისა და მოიცავს: ზემო რესპირაციული ტრაქტის დაავადებებს (სინუსიტი, ოტიტი, კრუპი), ქვემო რესპირაციული ტრაქტის დაავადებებს (პნევმონია, ბრონქიოლიტი, ასთმური სტატუსი);
ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავდებული ან ვირუსის მტარებელი ადამიანი. ვირუსი ვრცელდება სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე ან ავადმყოფობის პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში.
H1N1 გრიპის სიმპტომების ინკუბაციური პერიოდი (პერიოდი ინფიცირებიდან პირველი ჩივილის გამოვლენამდე) გრძელდება 24 სთ-დან საშუალოდ ოთხი დღე, ზოგჯერ კვირაც.
მისი სიმპტომებია:

  •  ინტოქსიკაცია (მაღალი ტემპერატურა 38°-39° C);
  •  გახშირებული სუნთქვა, გაძნელებულია სუნთქვითი მოძრაობა;
  •  კანის ლურჯი შეფერილობა;
  •  გამოხატული სისუსტე;
  •  კუნთების და სახსრების ტკივილი;
  •  ღებინების შეგრძნება;
  •  ცენტრალური გენეზის ღებინება (გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით);
  •  ოფლიანობა, უეცარი თავბრუსხვევა;
  •  წყლიანი, წითელი თვალები;
  •  დიარეა.

ასევე, სეზონური გრიპის ვირუსისგან განსხვავებით თავს იჩენს დისპეპსიური სინდრომი - ხშირი ღებინება, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები.
გრიპის კონკრეტული ვირუსის ტიპის ან ქვეტიპის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით.
პრევენციული ღონისძიებისთვის კი ნებისმიერიი გრიპის ვირუსის დროს რეკომენდებულია:

  •  მრავალფეროვანი კვების რაციონი (მდიდარი ცილით, A და C ვიტამინებით, მინერალებით);
  •  სითხის დიდი რაოდენობით მიღება (წყალი, ნატურალური წვენები);
  •  დასვენება, ძილი (დაქვეითებული იმუნიტეტის გასაძლიერებლად);
  •  ხელების ხშირი დაბანა, შესაძლებელია ასევე სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება;
  •  ოთახის ხშირი განიავება;
  •  ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება.

გირჩევთ, დააკვირდეთ მდგომარეობას, ხოლო თუ ტემპერატურამ განაგრძო მატება ან დაერთო ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, გამოუძახეთ სასწრაფო დახმარებას ან მიაკითხეთ ინფექციურ კლინიკას.
თავი აარიდეთ დამოუკიდებლად თვითმკურნალობას.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა