ქსანთელაზმა

კითხვა: გამარჯობა. ორივე თვალის ზედა ქუთუთოზე მაქვს ქსანთელაზმები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად იზრდებიან და მიქმნიან დიდ დისკომფირტს. 31 წლის ვარ. როგორ შეიძლება მათი ზრდის შეჩერება და მოშორება? ქირურგიული ჩარევის გარდა სხვა გზა არ არსებობს? გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით, ქსანთელაზმა პატარა ყვითელი ხორცმეტია ქუთუთოზე, ის ერთგვარი ცხიმგროვაა და ხშირად ოთხივე ქუთუთოს აზიანებს. ქსანთელაზმები მათ უჩნდება, ვისაც სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქსანთელაზმის დიაგნოსტიკა ადვილია, ქუთუთოზე ნებისმიერი ასეთი წარმონაქმნის გაჩენისას, ექიმს უნდა მიმართოთ. ის დანამდვილებით გეტყვით, რასთან გაქვთ საქმე, თუ საჭიროდ მიიჩნია, ბიოფსიასაც ჩაგიტარებთ. ქსანთელაზმების მოშორების ყველაზე ეფექტური, მაგრამ ტრავმული მეთოდია ქირურგიული მკურნალობა, რომელიც პლასტიკური ქირურგის პრეროგატივაა, მცირე ზომის ხაზოვანი განაკვეთის შემდეგ ქირურგი მიკროსკოპის ქვეშ ნელ-ნელა იღებს ცხიმგროვას, ისე, რომ ირგვლივ მდებარე ქსოვილები არ დაზიანდეს, რის შემდეგაც კოსმეტიკურ ნაკერს ადებს.
არაქირურგიული მეთოდებიდან, ყველაზე მარტივია ნახშირორჟანგითა და არგონით ქსანთელაზმის ლაზერული აბლაცია, რომლის შემდეგ ნაკერები არ იდება, სისხლდენა მაშინვე წყდება და პროცედურა სწრაფია, თუმცა მას შეიძლება მოჰყვეს ნაწიბურის წარმოქმნა ან პიგმენტური ცვლილებები. ეფექტურია ქიმიური მოწვაც. ამისთვის იყენებენ ქლორძმარმჟავას, რომელიც შლის ლიპიდებს და იწვევს ცილების კოაგულაციას. ამ დროს დანაწიბურება მინიმალურია. ელექტროკოაგულაცია და კრიოთერაპიაც ქსანთელაზმების მოშორების მეთოდებია, თუმცა ითვლება რომ ამ პროცედურების შემდეგ მოსალოდნელია ნაწიბურის გაჩენა და რეციდივის, ანუ ახალი წარმონაქმნის გაჩენა.
ქალბატონო თეონა პლასტიკურ ქირურგთან ან დერმატოლოგთან ვიზიტამდე გააკონტროლეთ , ხომ არ გაქვთ ლიპიდური ცვლის დარღვევა, რაც როგორც აღვნიშნეთ, ქსანთელაზმების განვითარების ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორია და თუ ანალიზში ცვლილება იქნება, თერაპევტის ან ოჯახის ექიმის კონსულტაცია დაგჭირდებათ. ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ულტათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც ნებისმიერი ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ და თერაპევტის კონსულტაციაც აქვე მიიღოთ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა