სათაური– ფსორიაზი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა, ჩემს 14 წლის ბიჭს, მუდმივად, ტერფებზე და ხელის მტევნებზე ძვრება კანი, დაეწყო ალბათ 10 წლის წინ. შევნიშნე თუ არა, მივმართე ექიმს, რომელმაც გააკეთა ანალიზები, გამოკვლევები (ჭიაზეც) და ვერაფერი დარღვევა აღმოაჩინა. 7 წლის ასაკიდან მუცლის არეში, უფრო მენკებისკენ დაეწყო წითელი ლაქების გამოსვლა, ზომით 1 სმ დიამეტრი, ამ ლაქებს უკეთდებოდა თეთრი ნაზი ფუფხი, ორ დღეში სცვიოდა, ლაქაც ფერმკრთალდებოდა და ქრებოდა. 10 თვის წინ კი მოზარდს გამოაჩნდა ფსორიაზი. მაინტერესებს, ხელ-ფეხზე კანის აფრცქვნა ( დღესაც ეფრცქვნება) მუცელზე გაჩენილი წითელი ლაქები ( დაახლოებით 10 წლის ასაკში შეწყდა) და ფსორიაზი არის კავშირში ერთმანეთთან? მადლობა წინასწარ
პასუხი:

გამარჯობა, ფსორიაზი ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს აზრი, რომ იგი განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორით (გენეტიკური განწყობილება). ასევე გარემო ფაქტორებს შეუძლია ფსორიაზის პროვოცირება ან გამწვავება. მაგალითად, იგი შეიძლება განვითარდეს ტრავმის ადგილზე (კებნერის ფენომენი), როგორიცაა განაკაწრი, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჭრილობა, დამწვრობა, აგრეთვე, ვირუსული ინფექციის, წამლისმიერი ალერგიული რეაქციის, ზოგიერთი ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტების (მაგ. ანტიმალარიული პრეპარატები, ლითიუმი, ბეტა-ბლოკატორები, ინტერფერონ-ალფა) გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტს (განსაკუთრებით ბავშვებს) ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება გაუჩნდეს ზედა სასუნთქი გზების სტრეპტოკოკული ინფექციების გადატანის შემდეგ. სხვა ფაქტორებს, რომელთაც შეუძლიათ ფსორიაზის გამწვავება, მიეკუთვნება სტრესი, მუდმივი ემოციური დაძაბულობა, ალკოჰოლიზმი.
დაავადებას სხვადასხვა კლინიკური ფორმა ახასიათებს. ყველაზე ხშირია ბალთოვანი ფსორიაზი. ტიპიური ფსორიაზული ბალთა წარმოადგენს შემოსაზღვრულ წრიულ ან ოვალურ გამონაყარს, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლით. იგი გვხვდება თავის თმიან მიდამოში (ყურების უკან), კიდურების მომხრელ ზედაპირებზე (უპირატესად იდაყვებზე და მუხლებზე), დუნდულებზე, გავის არეში და სასქესო ასოზე. შეიძლება დაზიანება აღინიშნებოდეს ფრჩხილებზე, წარბებზე, იღლიებში, ჭიპისა და ანოგენიტალურ მიდამოებში. ძირითადად ქავილი არ არის დამახასიათებელი. ფრჩხილების დაზიანება აღენიშნება პაციენტთა 30-50% და კლინიკურად წააგავს სოკოვან ინფექციას. ფრჩხილის დაზიანება ხშირად წინ უსწრებს კანზე გამონაყარს და შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფრჩხილის ფირფიტაზე სათითესმაგვარი ჩანაჭდევებით, ონიქოლიზისით (ფრჩხილის ფირფიტის აცლა ფრჩხილის საწოლიდან), ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზით, დაზოლვით, სისხლჩაქცევებით და სხვ. ასევე ფსორიაზს შეიძლება თან ახლდეს ზოგადი სისუსტე და საჭირო იყოს სტაციონარული მკურნალობა. პუსტულოზური ფსორიაზი ხასიათდება სტერილური პუსტულებით ხელის და ფეხის გულებზე (ბარბერის ფსორიაზი), ან მთელ სხეულზე (ვონ ცუმბუშის ტიპი). ტიპიური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არ იყოს ამ დროს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ,ცხადია თქვენ მიერ გავლებული პარალელი სავსებით სამართლიანია ,როგორც ჩანს აღნიშნული ცვლილებები დაავადების დაწყების საწყის პერიოდს გამოხატავდა .
ფსორიაზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესი . ბოლო პერიოდში გამოჩნდა ახალი მეთოდები და დამაიმედებელი შედეგები ,თუმცა ჩვენი კლინიკა არ ფლობს დერმატოლოგიურ სერვისს და შესაბამისად უშუალოდ ვერ შევძლებთ თქვენს დახმარებას .
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა