თორაკოსკოპიული სიმპატექტომია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა! მაინტერესებს ერითროფობიის ოპერაციის შემთხვევაში რა უკუჩვენება აქვს როგორც ვიცი ერთ-ერთი ნერვი უნდა გადაუჭრას.
პასუხი:

მოგესალმებით,
ერითროფობია უფრო ხშირად ვლინდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის, სიმპატიკური ღეროს, გააქტიურების შემთხვევაში. უმნიშვნელო სტრესზე სიმპატიკური ღეროს რეფლექსი, რის გამოც ფართოვდება სახის სისხლძარღვები და ძლიერდება სისხლმომარაგება, იწვევს კანის შესამჩნევ სიწითლეს სახეზე. აღნიშნული პროცესი არის პაციენტის ძირითადი დისკომფორტის მიზეზი, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიზრდება ფობიაში.
ქირურგიული მეთოდით მკურნალობა – თორაკოსკოპიული სიმპატექტომია, როგორც თავადაც აღნიშნეთ გულისხმობს ერთ –ერთი ნერვის გადაკვეთას.
იგი გულისხმობს ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას. გულმკერდზე საოპერაციო მხარეს კეთდება ორი მცირე – ხუთ და ათმილიმეტრიანი განაკვეთი, სპეციალური კამერის - “თორაკოსკოპის” საშუალებით ოპერაციის მსვლელობას ეკრანზე ვაკვირდებით. ხდება სიმპათიკური ნერვული ღეროს მეორე და მესამე ნეკნის დონეზე გადაკვეთა ან კლიფსის დადება. შემდეგ ხდება გულმკერდის ღრუს დრენირება და ოპერაცია ამით მთავრდება.
ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება. პაციენტი სტაციონარში ერთი დღე რჩება, მეორე დღეს უტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, ხდება დრენაჟის მოცილება და პაციენტის გაწერა სტაციონარიდან. რაც მთავარია, თორაკოსკოპიული სიმპათექტომიის შედეგი სამუდამოა და დადებითია 95-98%-ში.
ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას აქვს თავისი ჩვენება, უკუჩვენება და თანმხლები რისკები, რაზეც უპრიანია საუბრობდეს მკურნალი ექიმი.
შესაბამისად, გირჩევთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა