ტროფიკული წყლული - ანგიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით ვმუშაობ თურქეთში, ოჯახში და ვუვლი ერთ საყვარელ ბებოს (84 წლის ) დაახლოებით სამი თვეა დაეწყო ფეხზე სილურჯე, რაც გადაუვიდა სიწითლეში და შემდგომ გაუჩნდა წყლულები მთელს სხეულზე, ძალიან ძნელად უხორცდება და ახასიათებს რეციდივი, თქვენის ნებართვით გამოგიგზავნით სურათებს და თუ შეგიძლიათ, რომ მიპასუხოთ რასთან გვაქვს საქმე. არის თუ არა გადამდები, რით შეიძლება მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ხომ არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას?! აქვე ავღნიშნავ, რომ ჩემი ვარაუდით ეს არის ტროპიკული წყლული. ველი თქვენს პასუხს და წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ტროფიკული წყლული;
  • ტროფიკული წყლულის განვითარების მიზეზები;
  • ტროფიკული წყლულის წარმოშობის რისკფაქტორები;
  • დიაგნოსტირებისთვის საჭირო კვლევები.

ფოტომასალის გადმოგზავნის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია, წყლულების დიფერენცირება სხვადასხვა ტიპის პათოლოგიასთან, რაც დისტანციურად, კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ტროფიკული წყლული ეს არის ქსოვილთა კვების დარღვევით გამოწვეული შეუხორცებელი ჭრილობა, რომელიც კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტამდე ვითარდება და ვენური უკმარისობის ბოლო სტადიაა.
სხვა შემთხვევაში, მისი განვითარების მიზეზი, შესაძლოა იყოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა:

  • ქრონიკული არტერიული უკმარისობა;
  • დიაბეტური ტერფი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ვასკულიტი;
  • ოსტეომიელიტი;
  • დიაბეტური ანგიოპათია;
  • დიაბეტური ნერიოპათია;
  • სხვა სისტემური დაავადებები.

trofikuli__wyluli

ტროფიკული წყლულის წარმოშობის რისკფაქტორებია:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • ჭარბი წონა;
  • ვენური თრომბოზი.

თუმცა, გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ ლოკალიზაციის ძირითადი უბანი, ნებისმიერ შემთხვევაში წვივი და ტერფია, კონკრეტულ შემთხვევაში კი, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტს წყლულები აქვს მთელს სხეულზე, საჭიროა გამოირიცხოს სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის ინფექციური გენეზის, რასაც ახასიათებს სხეულის ამ ტიპის დაზიანება.
აქედან გამომდინარე, გირჩევთ, პაციენტი მიიყვანოთ მრავალპროფილიან კლინიკაში გამოსაკვლევად.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა