ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: თქვენს ცენტრში ჩავიტარე მუცლის ღრუს კ.ტ კვლევა. გადაღებამ აჩვენა, რომ ღვიძლი 180/82 მმ ზომებში მომატებულია, სცილდება ნეკნთა რკალს, პარენქიმაში მწვავე კეროვანი ჩანართების გარეშე. ლიმფური ჯირკვლები, კერძოდ მეზენტერიალური არტერიის და ვენის, აგრეთვე პარავერტებრალურ სივრცეში ისახება მცირე ზომის ლიმფური კვანძები. ნაწლავები ზომიერად გადაბერილი და დაჭიმულია, დამატებით პატოლოგიური კტ ნიშნების გარეშე. მარცხნივ შარდსაწვეთის გასწვრივ მოჩანს 2 მცირე ზომის მაღალი სიმკვრივის ჩანართი. რას ნიშნავს ეგ ყველაფერი მაინტერესებს. მაინტერესებს ეგ ყველაფერი ექვემდებარება მკურნალობას და ვისთან არის შესაძლებელი მივიდე და მკურნალობა დამინიშნოს, ოღონდ არაზერელედ, როგორც ეგ თქვენს კლინიკაში რეგიტრაციის დროს საათობით ლოდინმა გამოიწვია. იმედია ეგ არ განმეორდება და ცოტა წესრიგიც იქნება ამ მხრივ.
პასუხი:

მოგესალმებით,
უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ რომ, ზოგადად ჩვენს კლინიკაში მსგავსი შემთხვევები არ ხდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბოდიშს გიხდით, არასასიამოვნო, დამღლელი და დისკომფორტული ლოდინისათვის.
ჩვენი კლინიკა ზრუნავს თავის პაციენტებზე, ამიტომ თქვენს შენიშვნას აუცილებად გავითვალისწინებთ სამომავლოდ.
რაც შეეხება ღვიძლის გადიდებას,ან ლიმფური კვანძების და მაღალი სიმკვრივის ჩანართის არსებობას, ეს უშუალოდ რომელიმე დაავადებაზე არ მიუთითებს, არამედ ეს არის მხოლოდ რადიოლოგიური ნიშნები და გამომწვევი მიზეზები კი შეიძლება იყოს მთელი რიგი დაავადებები.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CT კვლევის პასუხი, არის მხოლოდ დასკვნა, დიაგნოზის გარეშე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ვინაიდან ამ კვლევას ატარებს ექიმი –რადიოლოგი, ხოლო საბოლოო კლინიკური დიაგნოზის დასმა მის კომპეტენციას სცილდება. ამისათვის საჭიროა ექიმი – კლინიცისტის ჩართულობა და კერძოდ, პროფილურ სპეციალისტთნ ვიზიტი.
ჩვენც, დისტანციურად, არ ვართ უფლებამოსილი, თუნდაც სავარაუდო დიაგნოზი შემოგთავაზოთ.
დიაგნოზის ფორმირებისათვის აუცილებელია თქვენი ანამნეზის, ჩივილების, დამატებითი კვლევების (სისხლის ანალიზები და ა.შ.) და უკვე არსებული კტ მონაცემების შეჯერება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საბოლოო დასკვნის გაკეთება.
რაც შეეხება იმას, თუ რომელ სპეციალისტებთან დაგჭირდებათ ვიზიტი, პირველ რიგში გირჩევთ გასტროენტეროლოგს და ქირურგს. საჭიროების შემთხვევაში ისინი განსაზღვრავენ, თუ რომელი სპეციალისტი იქნება კიდევ საჭირო.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა