ფენკაროლი 10მგ
(FENKAROL)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქვიფენადინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მრგვალი ფორმის, თეთრი ან მოთეთრო ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლით;
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ქვიფენადინის ჰიდროქლორიდს – 10 მგ ან 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტი, 10 მგ ან 25 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ათქ-კოდი: R06AX.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფენკაროლი წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას, რომელიც ამცირებს ჰისტამინის ზემოქმედებას ორგანოებზე და სისტემებზე. ქვიფენადინის ჰიდროქლორიდს, განსხვავებით ამ ჯგუფის სხვა კლასიკური პრეპარატებისაგან, გააჩნია განსაკუთრებული მოქმედების მექანიზმი. იგი აბლოკირებს ჰისტამინურ H1-რეცეპტორებს პერიფერიულ ქსოვილებში, ასევე ააქტიურებს ფერმენტ დიამინოქსიდაზას, რის შედეგადაც ქსოვილებში მცირდება ჰისტამინის შემცველობა. სწორედ ამით აიხსნება ფენკაროლის მოქმედების ეფექტურობა იმ პაციენტებში, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების მოქმედების მიმართ. ქვიფენადინის ჰიდროქლორიდი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, მცირედ მოქმედებს თავის ტვინის ქსოვილებში სეროტონინის დეზამინირების პროცესებზე და მონოამინოქსიდაზას აქტივობაზე. იგი აქვეითებს ჰისტამინის ტოქსიკურ მოქმედებას, ხსნის ან ასუსტებს მის ბრონქოკონსტრიქტულ და ნაწლავის გლუვ კუნთებზე სპაზმურ მოქმედებას. პრეპარატს გააჩნია ზომიერად გამოხატული ანტისეროტონინული და სუსტად გამოხატული ქოლინოლიზური მოქმედება.
ფენკაროლი ახდენს მკვეთრად გამოხატულ ქავილის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ქვიფენადინის ჰიდროქლორიდის 45% სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და 30 წთ-ის შემდეგ აღმოჩნდება ორგანიზმის ქსოვილებში.
პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 სთ-ის შემდეგ. ღვიძლში, ფილტვებში და თირკმლებში აღინიშნება აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია, ხოლო ყველაზე ნაკლები _ თავის ტვინის ქსოვილებში.
პრეპარატს გააჩნია დაბალი ლიპოფილურობა. მისი შემცველობა მცირეა თავის ტვინის ქსოვილებში (0.05%-ზე ნაკლები), რითაც აიხსნება ცნს-ზე მისი დამთრგუნველი გავლენის არარსებობა, მაგრამ ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სუსტი სედატიური ეფექტი.
ქვიფენადინის ჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება ღვიძლში.
მეტაბოლიტები და მიღებული დოზის შეუცვლელი ნაწილი გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად 48 სთ-ის განმავლობაში.
ჩვენება:
პოლინოზი;
მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება;
თივის ციება;
ალერგიული რინიტი;
ალერგიული კონიუნქტივიტი;
ანგიონევროზული შეშუპება;
დერმატოზები (ეგზემა, ნეიროდერმიტი, კანის ქავილი და სხვ.);
ალერგიული რეაქციები, დაკავშირებული წამლის ან საკვების მიღებასთან.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად უშუალოდ ჭამის შემდეგ.
ფენკაროლი 25 მგ: პრეპარატის დოზა მოზრდილებში შეადგენს 25-50 მგ-ს 2-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 200 მგ-ს დღეში.
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ _ 25 მგ 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-20 დღეს.
აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება.
ფენკაროლი 10 მგ: პრეპარატის დოზა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 5 მგ-ს (ტაბლეტის ნახევარი) 2-3-ჯერ დღეში; 3-დან 7 წლამდე _ 10 მგ-ს 2-ჯერ დღეში;
7-დან 12 წლამდე _ 10-15 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში.
მიმდინარე დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი მიღებულ უნდა იქნას გახსენებისთანავე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, საჭიროა დოზის გამოტოვება.
გვერდითი მოვლენები:
მომატებული მგრძნობელობისას ან დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოვლინდეს პირის ღრუს ზომიერი სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები, რომლებიც დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას ქრება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებში იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა. რიგ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს სუსტი სედატიური ან დამამშვიდებელი ეფექტი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; ორსულობის I ტრიმესტრი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფენკაროლი არ აძლიერებს ალკოჰოლისა და საძილე საშუალებების დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მას გააჩნია სუსტად გამოხატული მ-ქოლინომაბლოკირებელი თვისებები, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დაქვეითების შემთხვევაში ნელა აბსორბირებადი მედიკამენტების შეწოვა მისი ზემოქმედებით შესაძლოა გაძლიერდეს (მაგ., არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები _ კუმარინები).
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: ლორწოვანი გარსის სიმშრალე, თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.
მკურნალობა: საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის გამოძახება. ექიმის მოსვლამდე ადსორბენტების მიღება (გააქტივებული ნახშირი და სხვ.), დიდი რაოდენობით სითხის მიღება, გამწმენდი ოყნა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში ფენკაროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს გამოკვლევები დედის რძეში ქვიფენადინის შეღწევადობის შესახებ.
გამოყენების თავისებურებები:
ფენკაროლი სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და/ან თირკმლის მძიმე დაავადებების დროს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პაციენტებს, რომელთაც სამუშაო მოითხოვს სწრაფ ფიზიკურ ან ფსიქიკურ რეაქციებს, საჭიროა, წინასწარ დაუდგინდეს (პრეპარატის ხანმოკლე დანიშვნით), ახდენს თუ არა პრეპარატი სედატიურ მოქმედებას. თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საშიში მექანიზმების მართვა.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება 15 _ 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge