ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი გაიხსნა. ღონისძიების საზეიმო ცერემონიალი კორპორაცია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი ოფიციალური პირებიც. ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის გახსნაზე დასასწრებად, თბილისს ესტუმრნენ კომპანია PHILIPS-ის წარმომადგენლები და მსოფლიოს წამყვანი კლინიკების 16 უცხოელი მეცნიერი, რომლებიც სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ბირთვული მედიცინის დეპარტამენტს უზიარებენ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვა მსოფლიოში უახლესი ციფრული პოზიტრონულ–ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფით (PHILIPS Vereos Digital PET/CT), დაარსდა კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი, რომლის ინვესტიციამაც 5 მილიონ ევროს გადააჭარბა. ექიმებს გადამზადება გავლილი აქვთ უცხოეთში. მათ მხარს უჭერს ემორის უნივერსიტეტის ბირთვული მედიცინის სამსახური და არაერთი საერთაშორისო დონის სპეციალისტი ევროპიდან.