ექიმობით ახდენილი ბავშვობის ოცნება

ექიმობით ახდენილი ბავშვობის ოცნება

ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-ნეფროლოგი, ნანა სადუნაშვილი

-თქვენი განათლება, სამუშაო გამოცდილება,  როდის შემოუერთდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს?

-დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შინაგანი მედიცინის, ენდოკრინოლოგიის, ნეფროლოგიის სპეციალობით. 2002 წელს ვიმუშავე მოსკოვში, აკადემიკოს შუმაკოვის სახელობის ტრანსპლანტაციის ცენტრის თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვის განყოფილებაში. ქირურგიის ეროვნულ ცენტს კი, 1997წლიდან შემოვუერთდი.

-როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?

-ბავშვობიდან მომწონდა ექიმის პროფესია, რადგან სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლა უდიდეს გმირობად მიმაჩნდა. ვერ წარმომედგინა ჩემი თავი სხვა სფეროში. კონკრეტულად ნეფროლოგია კი, სტუდენტობის პერიოდში ავირჩიე. გავდიოდი სტაჟირებას იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს ნეფროლოგიის და ჰემოდიალიზის განყოფილებაში. იმ პერიოდში, სადიალიზო აპარატები სულ რამდენიმე იყო კლინიკაში, სამედიცინო პერსონალს კი, უმძიმესი პაციენტების მართვა უწევდა. მეც ძალიან დავინტერესდი ამ დარგით და გადავწყვიტე ჩემი შემდგომი კარიერა ნეფროლოგიისთვის დამეთმო.

-რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?

-ექიმობა ყოველდღიური ბრძოლაა ადამიანების ჯანმრთელობისთვის. უდიდესი სიამოვნებაა, როცა დაავადებაზე გაიმარჯვებ და გადარჩენილ პაციენტს უყურებ. ხშირად, მახსენდება ჩემი პირველი პაციენტი, რომელიც მძიმე კრიტიკული პათოლოგიის გამო, ერთ-ერთი კლინიკიდან ბინაზე გაწერეს, რადგან მისი გადარჩენის იმედი გადაწურული იყო. სრულიად შემთხვევით, ეს ადამიანი ჩვენს კლინიკაში მოხვდა და ჩვენი განყოფილების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არათუ მდგომარეობიდან გამოვიდა, შემდგომში თირკმლის გადანერგვაც გაუკეთდა და საბოლოოდ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

-რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?

-ექიმობის უდიდესი გამოწვევა მუდმივად სიახლეების ძებნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა. ვამაყობ, რომ ჰემოდიალიზის, ნეფროლოგიისა და ტრანსპლანტაციის განყოფილების გახსნისა და განვითარების სათავეებთან ვიდექი. მიხარია, რომ დღემდე მუშაობა მიწევს გუნდთან, რომლისთვისაც პაციენტის ჯანმრთელობა და კეთილდღობა უპირველესი საზრუნავია.

-რა არის ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?

-ჩემი სურვილია, რაც შეიძლება დიდხანს მომეცეს საშუალება ვაკეთო საყვარელი საქმე, დავეხმარო უფრო მეტ ადამიანს და მათი სიცოცხლის გადარჩენაში ჩემი წვლილი შევიტანო.

-რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?

-მომავალ ექიმებს ვურჩევდი, რომ იყვნენ მიზანდასახულები, შრომისმოყვარეები და მუდმივად იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე. იყვნენ კარგი ადამიანები და მოწოდებით ექიმები. ეს პროფესია უდიდეს შრომას და თავგანწირვას მოითხოვს.

-რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?

-ექიმებისთვის COVID 19 არის ფრონტის წინა ხაზი. ფაქტია, ბოლო ორი წლის მანძილზე, ჩვენს ექიმებს თავდაუზოგავი შრომა და უწყვეტ რეჟიმში მუშაობა უწევთ, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. ადამიანურ რესურსს აღემატება მათი გმირობა. ეს არის ომი, რომელიც უნდა მოვიგოთ!

-როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?

-24 წელია ვმოღვაწეობ ამ სფეროში. პირველი ნაბიჯები ერთი აპარატის ქონით შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ მასშტაბები და შესაბამისად, მკურნალობის პერსპექტივები გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობს ტექნოლოგიური ბაზის პროგრესირება, სულ ახლახანს კი, ჩვენი დეპარტამენტი, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სრულიად ახალი, საუკეთესო სადიალიზო აპარატებით აღიჭურვა.  დარწმუნებული ვარ, 10 წლის შემდეგ მკვეთრად განვითარდება ეს დარგი და გახანგრძლივდება პაციენტების სიცოცხლე.