ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის განყოფილების ექიმი–ნეფროლოგი, ნინო შონია
-თქვენი განათლება, სამუშაო გამოცდილება, როდის შემოუერთდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს?
-დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შინაგანი მედიცინისა და ნეფროლოგიის სპეციალიზაციით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1997 წლიდან, უკვე 24 წელია, ვმუშაობ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
-როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
-ექიმების ოჯახიდან ვარ და სიმართლე რომ ვთქვა, სხვა პროფესიულ ამპლუაში საკუთარი თავი არც წარმომედგინა. ბავშვობიდან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, გავმხდარიყავი ექიმი.
-რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
-ამის ახსნა ერთი წინადადებით საკმაოდ რთულია, ამიტომ წარსულიდან გავიხსენებ ისტორიას. ერთ დღეს, აეროპორტში შევამჩნიე, რომ გვერდით მდგომი ახალგაზრდა დაჟინებით მაკვირდებოდა. მომიტრიალდა და მკითხა:“თქვენ ნინო ექიმი არ ხართ?“ ერთი შეხედვით ვერ ვიცანი. მანვე გამახსენა, თურმე, რამდენიმე წლის წინ ჩემი მძიმე პაციენტი იყო, კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე, თირკმლის მწვავე უკმარისობით. სასიცოცხლო ჩვენებით დავიწყეთ დიალიზის პროცედურა და იმ ღამით სიცოცხლისთვის დაწყებული ბრძოლის შედეგი იყო, რომ ეს ახალგაზრდა ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრზე მიფრინავდა გერმანიაში. არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია. სწორედ ასეთი მომენტებისთვის ღირს ექიმობა.
-რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
-როდესაც ადამიანის სიცოცხლე გაბარია, ბუნებრივია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა როგორც თავად პაციენტის, ისე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინაშე. ყოველი ექიმის მიზანია მძიმე პაციენტის სიცოცხლის თითოეული წუთისთვის ბრძოლა და გამარჯვება. ყველაზე დიდი გამოწვევა კი, ამ გამარჯვებამდე მისასვლელი გზაა, რომელსაც ექიმი ცოდნისა და გამოცდილების ხარჯზე იკვალავს.
-რა არის ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
-მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემდგარი ექიმი ვარ და მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, ამით არ ვკმაყოფილდები. სამედიცინო სფერო მუდმივად ვითარდება და მიმაჩნია, რომ ამ სიახლეებს არ უნდა ჩამოვრჩე, შესაბამისად ეს არის ჩემი ამჟამინდელი მიზანიც- ყოველი ახალი დღე თვითგანვითარების ახალი ეტაპია.
-რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
-ვინც ექიმობას აპირებს, ვურჩევდი გაითვალისწინონ, რომ უნდა გამოიმუშავონ ან უფრო მეტად განივითარონ მებრძოლი ხასიათის თვისებები, რადგან, გზად არაერთი დაბრკოლება შეხვდებათ. ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ ამ პროფესიას დაეუფლონ, მზად უნდა იყვნენ დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის. მუდმივად უნდა იღრმავებდნენ ცოდნას. აქვე აღვნიშნავ, რომ პროფესიონალიზმი მხოლოდ ცოდნით არ განისაზღვრება. პირველ რიგში, ექიმს პაციენტი უნდა უყვარდეს.
-რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19 ?
-თამამად შეიძლება, ითქვას, რომ 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა კოვიდ-19, რომელსაც მსოფლიო მეცნიერთა საზოგადოება ებრძვის. ამ პანდემიის პერიოდში გამოიცადა ქართველ ექიმთა თავდადება, გმირობა და პროფესიონალიზმი, თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
-როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
-ვინაიდან, ჰემოდიალიზისა და ტრანსპლანტაციის განყოფილებაში ვმუშაობ, ყოველდღიურად ვხედავ, როგორ არიან პაციენტები მიჯაჭვული და დამოკიდებული „თირკმლის ჩანაცვლებით“ აპარატზე. დღეს, თირკმლის ტრანსპლანტაცია იმ რაოდენობით ვერ ტარდება, რა რაოდენობითაც ამის მოთხოვნილებაა. ვიმედოვნებ, 10 წლის შემდეგ საქართველოში იმდენად განვითარდება ტრანსპლანტაცია, რასაც ალბათ ხელს შეუწყობს გვამური დონაციის არსებობა, რომ ტრანსპლანტირებული და გამოჯანმრთელებული პაციენტი უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე აპარატდამოკიდებული.