სათამაშო თოჯინების განკურნებით დაწყებული ექიმობა

სათამაშო თოჯინების განკურნებით დაწყებული ექიმობა

ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი, ხათუნა ბერინაშვილი

-თქვენი განათლება, სამუშაო გამოცდილება, როდის შემოუერთდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს?

-1999 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი. 2000 წლიდან დავიწყე პროფესიული საქმიანობა მცხეთის სამედიცინო ცენტრში. ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდს კი, 2013 წლიდან შემოვუერთდი. ასევე, ვარ საქართველოს და ევროპის ათეროსკლეროზის და კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი.

-როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?

-როგორც პატარა გოგონების შემთხვევაში ხდება ხოლმე, ექიმობა იყო ბავშვობის ოცნება და, რა თქმა უნდა, პირველი პაციენტები იყვნენ თოჯინები. შემდეგ, ეს ოცნება გადაიზარდა ცხოვრების მოწოდებად. საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე მიზნის მისაღწევად, თუმცა, არასდროს შემიწყვეტია ბრძოლა. რაც შეეხება კარდიოლოგიას, ეს იყო არჩევანი იმ წუთიდან, როდესაც გავიაზრე, რომ ჩემი მოწოდება და მიზანი ექიმობა იყო.

-რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?

-ვთვლი, რომ ექიმობა არ არის მხოლოდ სამუშაო, ეს არის მოწოდება. ექიმი არცერთი წუთით არ წყვეტს მის საქმიანობას. სადაც არ უნდა იყოს, რა გარემოშიც არ უნდა მოხვდეს, ის ყველგან ექიმია. თავისთავად მოდის სიყვარული, თანაგრძნობა ადამიანების მიმართ, მათი დახმარების გულწრფელი სურვილი, თავდაუზოგავობა და უანგარობა.

-რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?

-მედიცინა მუდმივად განახლებადი და განვითარებადი დარგია. ჩვენ გვიწევს ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ყოველდღიურად, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეს სიახლეები კი, უნდა მივიღოთ და დავნერგოთ ჩვენს რეალობაში.

-რა არის ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?

-ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი – ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე, ბევრი მადლიერი პაციენტი და ბევრი ‘’ჯანმრთელი გულია’’.

-რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?

-ვურჩევ, რომ სრულად გაიაზრონ ამ პროფესიის სირთულე. იყვნენ გულისხმიერები თითოეული პაციენტის მიმართ და საკუთარი საქმე მთელი გულით და სიყვარულით აკეთონ.

-რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?

-ახალი კორონავირუსი (COVID 19) მედიცინის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა.

აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ, ამ ვირუსს ბევრი გართულება და მათ შორის, უპირატესად თრომბოზული და ენდოვასკულური დაზიანებები ახლავს. ამჟამად კორონარული თრომბოზების დიდი ნაწილი სწორედ ასეთ პაციენტებში იჩენს თავს და კარდიოლოგთან მიმართვისას, ხშირად პაციენტმა არც კი იცის, რომ მას კოვიდ 19 აქვს.

ცხადია, ეს პრობლემაა არაკოვიდ კლინიკისთვის, თუმცა, ჩვენთან მოხვედრილი ყველა პაციენტი იღებს სათანადო მომსახურებას და შემდეგ რეფერილდება შესაბამის კლინიკაში. ცხადია, ამ ფონზე და ისედაც რთულ სამედიცინო სფეროში მუშაობა მარტივი არაა, თუმცა, ეტაპობრივად  ხდება იმ სირთულეების გადალახვა, რაც ამ ვირუსს უკავშირდება და მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ მასზე საბოლოო გამარჯვებას.

-როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?

-საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებები სიხშირის მხრივ ერთ–ერთ მოწინავე პოზიციაზეა. მსოფლიოში ამ მიმართულებით კონსერვატიულ მკურნალობას სულ უფრო ნაკლები როლი აკისრია და პირველ ადგილზე სხვადასხვა სახის ინტერვენციული ჩარევები დგას. განვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა და დრო ჭირდება. ყოველი ახალი სიტყვა კარდიოლოგიაში ქართველი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მჯერა, ასეც იქნება.