ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგ-თერაპევტი, მედიცინის დოქტორი, ლიკა ხოსროშვილი
-თქვენი განათლება, სამუშაო გამოცდილება, როდის შემოუერთდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს?
-1998 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ვმუშაობდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმად. გავიარე რეზიდენტურა და ავიმაღლე კვალიფიკაცია კარდიოლოგიაში. შემდეგ, დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში. ამ და სხვა მიღწევების შემდეგ, 2014 წელს, შემოვუერთდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრს. ამავდროულად, ვხელმძღვანელობ ჩვენი ცენტრის რეზიდენტურის პროგრამას კარდიოლოგიის მიმართულებით.
-როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
-სკოლას რომ ვამთავრებდი, ბოლო წელს მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ექიმის პროფესია მხიბლავდა. რა თქმა უნდა, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რა გზის გავლა მომიწევდა ექიმად ჩამოყალიბებამდე და შემდეგ რა რთული და პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრების წესით უნდა უნდა მეცხოვრა ჩემს პროფესიასთან ერთად. თუმცა, კარგად ვიცოდი, რომ დიდი შრომა, მოთმინება და მონდომება მჭირდებოდა სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად. ვფიქრობ, სწორედ ამ თვისებების გამომუშავებამ შემაძლებინა დღემდე დავრჩე ამ მძიმე, მაგრამ ძალიან ჰუმანური პროფესიის ერთგულად. რაც შეეხება კარდიოლოგიას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ 03–ში მუშაობისას გადავწყვიტე. კარდიოლოგიური პაციენტები იმდენად რთული, მძიმე და არაპროგნოზირებადნი იყვნენ, რომ მინდოდა, ამ დარგში მეტი ცოდნა და გამოცდილება მქონოდა.
-რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
-ექიმობა ჩემთვის ცხოვრების წესია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროფესიას ვუძღვნი ჩემი ცხოვრების უმეტეს დროს, ენერგიას, ფიქრს. ყოველთვის და ყველგან ექიმი ვარ.
-რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
-ექიმობის ყველაზე დიდ გამოწვევად ვთვლი განვითარების პროგრესულ ტემპს, როგორც ინტელექტუალური, ისე მატერიალურ–ტექნიკური კუთხით.
-რა არის ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
-ადამიანი ყოველთვის უნდა მიისწრაფოდეს სრულყოფილებისკებ, როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ასპარეზზე. დღეს ექიმობა მოითხოვს მუდმივ განვითარებას, სამეცნიერო სიახლეების გაცნობას და მათ პროფესიაში დანერგვას, მუდმივ კითხვას, შემეცნებას, რაც იოლი ნამდვილად არ არის. სხვა შემთხვევაში, ვერ იქნები მოთხოვნადი, წარმატებული ექიმი. და კიდევ, ეს პროფესია მოითხოვს დიდ სიყვარულს, რასაც პაციენტი შეუცდომლად გრძნობს. ვფიქრობ, ჩემი სურვილიცა და მიზანიც ეს არის - გამოვავლინო სითბო და სიყვარული ყველა პაციენტის მიმართ.
-რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
-პროფესიის არჩევას ცხოვრების მეგობრის არჩევას შევადარებდი. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ამ არჩევანის სტარტზე მყოფთ ვურჩევდი: დაკვირვებას, მოთმინებას, სიყვარულს და თავდადებას.
-რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?
-კოვიდ19 თანამედროვე მედიცინისთვის, ჯერ-ჯერობით, შეცნობის სტადიაზე მყოფი ვირუსია. კაცობრიობა ნაბიჯ–ნაბიჯ შიფრავს მის გენეზს, ეძებს მკურნალობის და პრევენციის გზებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით, მას საბოლოოდ დავამარცხებთ.
-როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
-თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ მედიცინაში ეფექტური გახადა დაავადების დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენცია. ეს კი, პაციენტების გამოჯანმრთელებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების გზაზე კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია. 10 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით ველი უფრო დიდ პროგრესს. ამავდროულად, მინდა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სიახლე და სიკეთე, რასაც მედიცინა და მეცნიერების პროგრესი შემოგვთავაზებს.