ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზოგადი, ბარიატრიული და ონკოქირურგი, გიგო ფიჩხაია
გიგო ფიჩხაიამ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, პოსტდიპლომური სწავლა ბელორუსიაში განაგრძო. ხოლო, ქირურგიის ეროვნული ცენტრის დიდი ოჯახის წევრი ზოგადი ქირურგის რანგში 2015 წელს გახდა, 2018 წლიდან დღემდე კი, ჩვენსავე კლინიკაში ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
-როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
-ჩემი პროფესია ავირჩიე ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, როცა დგება დრო გადაწყვიტო როგორი იქნება შენი ცხოვრების მომდევნო ეტაპი, რა ადგილი დაიკავო და ვინ გახდე. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი როდია. ვფიქრობდი, ყველაზე მეტად რომელი პროფესიით დავეხმარებოდი ადამიანებს და ექიმობაზე შევჩერდი. ვფიქრობ, თუ სერიოზულად და სიღრმისეულად მოეკიდები სწავლის პერიოდს, ესეიგი, ადამიანების დახმარების და პროფესიონალად ჩამოყალიბების დიდი სურვილი გაქვს.
-რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
-ექიმობა ღმერთისგან კურთხეული პროფესია და ჩემი ცხოვრების ეპიცენტრია. ეს საქმიანობა ერთ რიგით მოკვდავ ადამიანს მეორის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას აძლევს. ამიტომაც, ექიმის ყოველდღიურობა უსაზღვრო ჰუმანურობითა და თანაგრძნობითაა გაჟღენთილი.
-რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
-ზოგადად, თავად მედიცინაა გამოწვევაა. განსაკუთრებით კი, ქირურგიაში გადამწყვეტი როლი აკისრია დროს, წამებს, რომელიც პაციენტის ცხოვრებას განსაზღვრავს. ქირურგიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოწვევად შეგვიძლია ონკოლოგიური ქირურგია ჩავთვალოთ, რომელიც დღითიდღე ვითარდება და დარწმუნებული ვარ, მალე კაცობრიობა ონკოდაავადებებზე გამარჯვებას იზეიმებს!
-რა არის ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
-ალბათ, როგორც ყველა ექიმის და განსაკუთრებით ქირურგის, ჩემი სურვილიც ჯერ კიდევ განუკურნებელი დაავადებების სრულად განკურნების მეთოდების აღმოჩენა და მათი დანერგვაა. მედიცინა უწყვეტ განათლებასა და მკურნალობის სტრატეგიის განახლებას მოითხოვს. მუდმივად უნდა იყო ჩართული სიახლეებში, რომელთაც პრაქტიკაში განახორციელებ.
-რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
-მომავალ კოლეგებს ვურჩევდი, მიენდონ გულიდან ამოძახილს, ვინაიდან, ექიმობა მთელი ცხოვრების მანძილზე დიდძალ შრომას და ენერგიას მოითხოვს. შესაძლოა, დამღლელად მოეჩვენოთ ეს ყველაფერი, თუმცა, პირველი პაციენტის გადარჩენილი სიცოცხლე და მისი მადლიერი თვალები ყველანაირ დაღლილობას და სტრესს აქრობს. აღსანიშნავია ჩვენი პროფესიის ერთი უცნაური თვისებაც, რაც დრო გადის, უფრო მეტად გიყვარდება, რადგან ხვდები რამდენად დიდ სიკეთეს აკეთებ დასნეულებული ადამიანებისთვის.
-რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?
-კოვიდ პანდემია ამ საუკუნის დიდი განსაცდელი და მსოფლიო მოსახლეობის უხილავი მტერია. ისტორიაში ბევრი პანდემია გადაგვიტანია, თან მაშინ, როცა მედიცინა განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა. ამიტომ, მჯერა, ერთ მშვენიერ დღეს, ერთობლივი ძალებით კოვიდსაც დავამარცხებთ.
-როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
-ბოლო რამდენიმე წელია, ქირურგიაში ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა. ახლო წარსულში წარმოუდგენელი იყო ლაპაროსკოპიული ქირურგიის ასე ფართოდ გამოყენება, ასევე, სხვა მცირედ ინვაზიური ქირურგიული ჩარევების განვითარება. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო მედიცინის სხვა დარგების დახვეწამ. დღეისათვის არსებული რადიოლოგიური კვლევების წინსვლებმა, ზოგ შემთხვევებში, რადიკალურად შეცვალა მკურნალობის მეთოდოლოგია და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქირურგიულ ჩარევებს. მჯერა, 10 წლის შემდეგ, დღეისათვის განუკურნებელ დაავადებებს დავამარცხებთ!