დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბესიკ სოკურაშვილი.
ბესიკ სოკურაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმე. სწავლობდა რადიაციულ ონკოლოგიას მურსიის უნივერსიტეტსა და მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში. გავლილი აქვს რეზიდენტურა სანკტ–პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მეან–გინეკოლოგიის განხრით. გახლავთ ევროპის რადიოთერაპიისა და ონკოლოგიის, ასევე საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა და რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაციის წევრი. აქვს ორი სახელმწიფო სერთიფიკატი. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
- როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
- სკოლაში სწავლის პერიოდიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. იმის მიუხედავად, რომ სხვა საგნებსაც კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებული ინტერესი ბიოლოგიური მეცნიერებების მიმართ მქონდა. სულ მინდოდა გამეგო, რისგან შედგებოდა ადამიანის სხეული და როგორ მუშაობდა იგი. კონკრეტულად ჩემი სპეციალობა კი რამდენიმე ადამიანმა მირჩია, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. თანამედროვე მედიცინაში ამ სპეციალობის საჭიროება დავინახე და მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი ცოდნით ბევრ პაციენტს დავხმარებოდი.
- რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
- ადამიანების უმრავლესობა, მათ შორის მეც, ცხოვრებაში ყველაზე მეტად ჯანმრთელობას აფასებს. როდესაც ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, მისი ცხოვრების ნორმალური რიტმი ირღვევა, ყველაფრის სურვილი უქრება და ავადმყოფობის გარდა ვერაფერზე ფიქრობს. ექიმებს შესაძლებლობა გვაქვს ასეთი პაციენტები ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნოთ და, ზოგიერთ შემთხვევაში, სიკვდილისგანაც კი ვიხსნათ, ამიტომ, ვფიქრობ, ექიმობა ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა. ეს არის ღვთისგან ბოძებული ერთგვარი ჯილდო, რათა ვაკეთოთ სიკეთე და ადამიანებს დავუბრუნოთ და შევუნარჩუნოთ ის, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასია.
- რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
- ამ პროფესიის ყველაზე დიდი გამოწვევა, რა თქმა უნდა, კიბოსთან ბრძოლაა. დავიწყებ იმით, რომ კიბოს მკურნალობა ძალიან რთული პროცესია. მას სჭირდება პაციენტებისათვის ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული სამედიცინო სერვისის მიწოდება, ამათგან კი რადიოთერაპია აღიარებულია კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად. თანამედროვე მედიცინაში მაღალტექნოლოგიური რადიოთერაპიის გარეშე ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაზე საუბარი წარმოუდგენელია. გლობალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს საშუალება პაციენტებს ჩაუტაროს მაღალტექნოლოგიური თანამედროვე რადიოთერაპია, რაც საგრძნობლად ართულებს დაავადებასთან ბრძოლის პროცესს. ქვეყანაში ამ მიმართულების შექმნა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად: თანხების ინვესტირებაზე, კლინიკების მენეჯმენტის ხედვებზე, კადრებზე, მკურნალობის დაფინანსებაზე და ა.შ. საბედნიეროდ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ჩვენი დამფუძნებლისა და კლინიკის ხელმძღვანელობის მონდომებით, მოხერხდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორების მობილიზება და დღეს ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიურ პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ მაღალი ხარისხის თანამედროვე სხივური თერაპია.
- ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
- ონკოლოგიური პაციენტების დაახლოებით 60-70%–ს მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე სხივური თერაპია სჭირდება. სამწუხაროდ, ხშირად უდროო და არასწორი მომართვის გამო ვერ ტარდება საჭირო რადიოთერაპიული მკურნალობა. სწორედ აქედან გამომიდინარეობს ჩემი სურვილი და მიზანი, რაც გულისხმობს ქვეყანაში სხივური თერაპიის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, როგორც ჩემი კოლეგებისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვისაც.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
- თუ სწავლა გიყვართ, მედიცინა ის დარგია, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ მთელი ცხოვრება რაღაც ახალი ისწავლოთ. პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე მუშაობის პროცესში უამრავ საინტერესო შემთხვევას ნახავთ, რაც მთავარია, სხვანაირად შეიგრძნობთ სიცოცხლეს და გაგიჩნდებათ სურვილი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი იბრძოლოთ თქვენი პაციენტის გადასარჩენად.
- რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?
- ყოველთვის თავს ვარიდებ ამ თემაზე საუბარს, რადგან ჩემი სფერო არ არის, თუმცა, ერთი რამ ფაქტია – ამ ვირუსმა გარკვეულწილად ბევრი რამის გადაფასების საშუალება მოგვცა. შეცვალა ადამიანის ყოველდღიური ქცევა და დამოკიდებულება, როგორც სოციუმში, ისე საგნების მიმართ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ქვეყანა, შესაბამისი სამსახურების პროფესიონალური მუშაობის წყალობით, გაუმკლავდა ამ პრობლემას და საქართველოში ვირუსის მასობრივი გავრცელება არ დაფიქსირდა.
- როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
- საინტერესო შეკითხვაა. ბოლო ათ წელიწადში ძალიან შეიცვალა მკურნალობის მეთოდები და დიდი პროგრესი განიცადა რადიოთერაპიამ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწრაფად განვითარებადი თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მომდევნო ათ წელიწადში კიდევ უფრო წინ წავა ეს მიმართულება. რადიოთერაპიის შემთხვევაში ეფექტური მკურნალობა დაფუძნებულია მაქსიმალური რაოდენობის სიმსივნური უჯრედის განადგურებაზე, ისე რომ მინიმალურად დაზიანდეს ჯანსაღი ქსოვილი. ტექნოლოგიურმა პროგრესმა და თანამედროვე აპარატურის წარმოებამ ეს ყველაფერი რეალობად აქცია, რადიობიოლოგიის, სიმსივნის მგრძნობელობის, რეზისტენტობისა და ჯანსაღი ქსოვილების ტოქსიკურობის უკეთესად გაგებამ კი ეს დარგი მეტად ეფექტური გახადა. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევდივართ პერსონალიზებული მედიცინის ერაში და სამომავლოდ რადიოთერაპიული მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული კონკრეტული პაციენტის დნმ–ის მონაცემებზე, გენების ექსპრესიაზე და ა.შ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!