დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, მინდია იობაშვილი.
მინდია იობაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2009 წლიდან დღემდე გახლავთ მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის მიწვეული პედაგოგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ასევე ექიმთა პოსტ–დიპლომური განათლების სპეციალისტი და უმცროს ექიმთა ლოკალური ხელმძღვანელი. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
- როდის და რატომ აირჩეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
- ექიმობა ბავშვობიდან იყო ჩემი მოწოდება, ხოლო მეანობა, გინეკოლოგიის მიმართულებით წასვლა, გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, პირველად დავესწარი მშობიარობას და ახალი სიცოცხლის დაბადების სიხარული განვიცადე.
- რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
- ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის ცხოვრების არსი და სტილი. ექიმობა ნიშნავს შენამდე მოსული ადამიანის გულწრფელი საუბრის ბოლომდე მოსმენას, მისი ტკივილის გათავისებას, მისი ჩივილების მიხედვით დაავადების ამოცნობასა და მკურნალობას, მაგრამ ექიმობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა განდო.
- რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
- ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად ვთვლი ადამიანური სისუსტეებისა და სურვილების დამორჩილებას, მათ უნდა აჯობო, თუ გინდა, გახდე ნადვილი ექიმი.
- ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გინდათ თქვენს პროფესიულ კარიერაში?
- ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი არის, რაც შეიძლება ბევრი განკურნებული პაციენტისა და ამ ქვეყნად მოვლენილი ახალშობილის არსებობა ჩემს პროფესიულ კარიერაში.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
- ვურჩევ, მიჰყვნენ თავიანთ გულისთქმას, თუ ექიმობა უნდათ, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინონ – საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა მიუძღვნან ამ პროფესიას, გაითავისონ მისი სირთულე, ის, რომ სამუშაო რეჟიმი ნორმირებული არაა, რომ ბევრი უძილო და შფოთიანი ღამის გათენება მოუწევთ, თუმცა, ამავდროულად იცოდნენ, რომ მადლიერი პაციენტის სიტყვები და მათი გასხივოსნებული მზერა ამ ყველაფრად ნამდვილად ღირს.
- რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?
- ვფიქრობ, რომ თანამედროვე მედიცინა ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება და ესეც ძალიან მალე გაივლის.
- როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
- მეან–გინეკოლოგია მედიცინის ტრადიციული დარგია, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები ფართოდ შემოიჭრა ჩვენს რეალობაში, ამიტომ, ვფიქრობ, უფრო მეტად გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტსა და მცირე ინვაზიურ ჩარევებს, ასევე კიდევ უფრო მჭიდრო იქნება კავშირი რადიოლოგიასთან, ენდოკრინოლოგიასთან, იმუნოლოგიასთან, ონკოლოგიასთან და პლასტიკურ ქირურგიასთან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!