დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელძღვანელი, გიორგი ეგუტიძე.
გიორგი ეგუტიძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ასევე დამთავრებული აქვს უკრაინის რამადანოვის სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა. 2013-2016 წლებში იყო ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგი, ხოლო 2016 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და წარმატებით უძღვება თავის საქმეს.
- როდის და რატომ აირჩეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
- ექიმობა ბავშობიდან მინდოდა. როცა სკოლაში ვსწავლობდი, მსურდა, ამერჩია ისეთი მიმართულება, რომელიც რთული და საინტერესო იქნებოდა. მეცხრე კლასამდე, ვფიქრობდი, გავხდარიყავი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაგრამ ერთმა შემთხვევამ იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა: საავადმყოფოში იწვა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ოჯახის წევრებს სურდათ თბილისიდან მოეწვიათ ნეიროქირურგი, მაგრამ ექიმმა უარი თქვა ჩამოსვლაზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო. ამ ფაქტმა მაშინ ძალიან იმოქმედა ჩემზე, გული დამწყდა ექიმის მხრიდან გამოჩენილი მსგავსი გულგრილობის გამო. მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ ნეიროქირურგი მინდოდა ვყოფილიყავი.
- რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
- ჩემთვის ექიმობა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ექიმობა ნიშნავს ვაკეთო ის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს, ადამიანებს დავეხმარო ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში, ეს კი, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს პროფესია ჩემთვის ასოცირდება სიკეთესთან, ჰუმანურობასთან, მზრუნველობასა და სიყვარულთან.
- რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
- ამ პროფესიის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის, როგორც ნეიროქირურგისთვის, არის ნერვული სისტემა, რომელიც კოსმოსს შეიძლება შევადაროთ - რაც არ უნდა ბევრი ვიცოდეთ დღეს მასზე, ის ჯერ კიდევ უსაზღვრო, უკიდეგანო და ამოუცნობია.
- ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გინდათ თქვენს პროფესიულ კარიერაში?
- ჩემი ყველაზე დიდი სურვილია დავეხმარო რაც შეიძლება მეტ პაციენტს და საქართველოში დავნერგოთ ისეთი სიახლეები, რომელიც ჯერ არ არის განვითარებული ამ დარგში.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
- ახალგაზრდებს ვურჩევდი აირჩიონ ის საქმე, რომლის კეთებაც მთელი გულით სურთ. კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას და დაისახონ მიზანი. თუ სწორად დასახული მიზანი ექნებათ, აუცილებლათ მივლენ ფინიშის ხაზთან. აუცილებელია ბევრი იშრომონ მიზნის მისაღწევად. ეს მძიმე აღმართია რომელიც ხშირად ძალიან დამღლელია, მაგრამ საბოლოოდ ძალიან დიდი გამარჯვებით სრულდება.
- რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?
- COVID 19 დღევანდელი მედიცინის უდიდესი გამოწვევაა, თუმცა, ვფიქრობ, თანამედროვე მედიცინა და მსოფლიო ამ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდება.
- როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
- ნეიროქირურგია მუდმივად განვითარებადი დარგია. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ამ დარგშიც მუდამ სიახლეებია, ამიტომ, ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ ნეიროქირურგია ბევრად უფრო საინტერესო და განვითარებული იქნება და სრულად დაინერგება ნაკლებად ტრავმული ანუ მცირე ინვაზიური მიდგომები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!