რატომ აირჩია ანესთეზიოლოგობა და რას ურჩევს მათ, ვინც ახლა ირჩევს ექიმის პროფესიას?

რატომ აირჩია ანესთეზიოლოგობა და რას ურჩევს მათ, ვინც ახლა ირჩევს ექიმის პროფესიას?

დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რევაზ ვაჩეიშვილი.

რევაზ ვაჩეიშვილს დამთავრებული აქვს უნივერსიტეტ ,,საქართველოს“ სამკურნალო საქმის ფაკულტეტი. გახლავთ უამრავი საერთაშორისო ტრენინგისა და კონფერენციის მონაწილე, ასევე საქართველოს რეანიმატოლოგთა ასოციაციის წევრი. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?

– ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვეკითხებოდნენ, თუ რა გვინდოდა გამოვსულიყავით, როდესაც გავიზრდებოდით. ამ შეკითხვაზე პასუხი ხშირად გაუაზრებელია, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მსურდა ვყოფილიყავი ექიმი და ეს ჩემი გააზრებული არჩევანი იყო. პროფესიის არჩევისას საჭიროა კარგად გაიცნო შენი თავი, გააანალიზო საკუთარი  შესაძლებლობები, გაითვალიწინო რჩევები, მოიძიო ბევრი ინფორმაცია და შეხვდე პროფესიონალ ადამიანებს. ჩემს შემთხვევაში სპეციალობის არჩევისას გარდატეხა მოახდინა ანესთეზიოლოგია–რეანიმაციის განყოფილებაში მოხვედრამ, სადაც, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრით მოვიწამლე, ზუსტად მივხვდი, რაც მინდოდა და აქედან დაიწყო ჩემი ამ დარგის მიმართ დაინტერესება.

– რას ნიშნავს ქვენთვის ექიმობა ?                                                                   

– პირველ რიგში, უდიდეს პასუხისმგებლობას. მიყვარს ჩემი პროფესია, ექიმობა ჩემთვის, ფაქტობრივად, ყველაფერია, დროის უდიდეს ნაწილს მედიცინას ვუთმობ, ამიტომ ხშირად ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ რაღაცების დათმობა ნამდვილად ღირს.

– რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?

– ყოველთვის რაღაც ახალი გაქვს სასწავლი, რადგან მედიცინა მუდმივად განვითარებადი დარგია. ეს დიდი და ამავდროულად საინტერესო გამოწვევაა.

ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს პროფესიულ კარიერაში?

როგორც აღვნიშნე, ექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ მუდმივად მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, შეგრძნება იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მინდა მაქსიმალურად მეტი მივიღო ჩემი პროფესიისგან, კიდევ უფრო მეტი გავცე და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს მივაღწიო. ჩემი მთავარი მიღწევა და მონაპოვარი რაც შეიძლება მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი და მათი გულითადი მადლობაა.

– რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?

– ვურჩევ, რომ გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღონ. ჩამოყალიბდნენ იმაზე, თუ რისი კეთება სურთ და გააანალიზონ საკუთარი შესაძლებლობები. შენი პროფესია მთელი გულით უნდა გიყვარდეს, საქმე, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრება მოგიწევს, უნდა გსიამოვნებდეს, გაინტერესებდეს და გახალისებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაგღლის, დაგთრგუნავს და ვერასდროს გახდები შენი საქმის პროფესიონალი.

რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID19–ზე?

– COVID19-ზე ბევრს ვერაფერს ვისაუბრებ, რადგან ახალია მსოფლიოსთვის. ჯერჯერობით ვირუსი კვლევის პროცესშია და მის შესახებ ყველაფერი არ ვიცით, თუმცა, ამის არ უნდა შეგვეშინდეს, დავიცვათ რეკომენდაციები და ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ვფიქრობ, თანამედროვე მედიცინა ამ ყველაფერს გაუმკლავდება.

როგორ ხედავთ იმ დარგების განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?

– როგორც აღვნიშნე, ექიმი მუდმივად უნდა იყოს ჩართული უწყვეტი პროფესიული განვითარების ციკლში, მედიცინა სწრაფად ვითარდება და ექიმი არ უნდა ჩამორჩეს. რვა წელია, რაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვმოღვაწეობ ანესთეზიოლოგიისა და პოსტ–ოპერაციული განყოფილებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. კლინიკა გამუდმებით იზრდება, ყალიბდება ახალი დარგები (მაგალითად, ენდოვასკულური ნეიროქირურგია), ტარდება ინოვაციური ოპერაციები: მუცელსა და თავის ტვინში ანევრიზმების ენდოვასკულური ქოილიზაცია და სტენტგრაფტირება, დაინერგა ბრაქითერაპია და დისტანციური  სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და სხვა. პაციენტებს სჭირდებათ შესაბამისი პრე, ინტრა და პოსტოპერაციული მართვა, რომელსაც ვერ გაუძღვები, თუ არ ხარ მედიცინის განვითარების ფერხულში ჩაბმული. კლინიკას მუდმივად ემატება თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც ექიმმა სწორად უნდა გამოიყენოს. მჯერა, რომ 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო განვითარდება ტექნოლოგიები და მედიცინაში დაძლეული იქნება ისეთი სირთულეები, რომელსაც დღეს მსოფლიო ვერ უმკლავდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!