დღეს ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ზოგადი და ლაპარასკოპიული ქირურგი, ონკოქირურგი და ენდოსკოპისტი, ლაშა სილოგავა.
ლაშა სილოგავას დამთავრებული აქვს ქ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ „ესკულაპის“ სამკურნალო ფაკულტეტი - სამკურნალო საქმის სპეციალობით. სწავლის დამთავრებისთანავე, 2000-იანი წლებიდან აქტიურად ჩაერთო პროფესიულ საქმიანობაში და იყო ჯერ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის უმცროსი ექიმი-ქირურგი, შემდეგ საერთაშორისო კლინიკა „ბერმანის“, სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრ „ოჯახის ექიმის“ ქირურგი-ენდოსკოპისტი. ასევე, გახლავთ საქართველოს ონკოლოგთა და ენდოსკოპისტთა ასოციაციის, მცირე ინვაზიური ქირურგიის, საქართველოს ქირურგთა ასოციაციისა და ჟურნალ „ქირურგიის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2013 წლიდან დღემდე კი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ენდოსკოპისტი და ონკოქირურგი წლების მანძილზე დაგროვილ სამუშაო გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს ჩვენი კლინიკის პაციენტების საკეთილდღეოდ იყენებს.
-როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
-ზოგადად, სამედიცინო სფერო და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტელეგადაცემა თუ კინოფილმი სკოლის ასაკიდან მხიბლავდა. კონკრეტულად ქირურგია კი, ამ პროფესიისადმი სიყვარულმა გადამაწყვეტინა. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ერთმა შემთხვევამ განსაკუთრებული გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ არჩევანზე. 9–10 წლის ასაკში მივიღე საყოფაცხოვრებო ტრავმა, რა დროსაც დამიზიანდა თითები და ერთმა ძალიან ძლიერმა ქირურგმა, დედაჩემის ბიძამ, პროფესორმა იური გეგეჭკორმა თითები ამპუტაციას გადამირჩინა. სწორედ ამ დღის შემდეგ ავირჩიე ექიმობა და ბოლომდე მივყევი ჩემს მიზანს.
-რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
-ძალიან საპასუხისმგებლო და ღვთისგან დალოცვილი პროფესიაა. ამავდროულად, სასიამოვნოა, როდესაც საშუალება გაქვს ავადმყოფს განსაცდელის ჟამს დაეხმარო და შეუმსუბუქო ტკივილი. სნეულებისგან განკურნო პაციენტი, ეს უფლისგან ბოძებული უმაღლესი ჯილდოა.
-რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
-უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის, როგორც ონკო–ქირურგისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ონკოლოგიურ დაავადებებთან გამკლავებაა. ზოგადად, ონკოლოგია გაუვალი ტყესავით არის, რომელიც მოითხოვს კიდევ ბევრ შესწავლასა და განვითარებას, დახვეწას ქირურგიული თუ მცირე ინვაზიური (ლაპარასკოპიული) მეთოდებით.
-ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში...
-კარიერაში უპირველესი მიზანია დროულად, ადრეულ ეტაპზე იქნას დიაგნოსტირებული ონკოლოგიური დაავადება და პაციენტებს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეთ, რათა ლეტალობის მაჩვენებელი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ასევე, მომავალში კიდევ უფრო განვავითარო და გავაღრმავო ცოდნა, რომელსაც კეთილი საქმეებისთვის გამოვიყენებ. მიხარია, რომ ეს დარგი საქართველოში დღითიდღე, კიდევ უფრო იხვეწება და ვითარდება.
-რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
-ჩემს ძვირფას მომავალ კოლეგებს ამ რთულ და ძალიან საინტერესო გზაზე წარმატებებს ვუსურვებ. სულ რომ არაფერი, თავდაუზოგავად სწავლა და შრომა მომავალში გადარჩენილი სიცოცხლისთვის ღირს. ქირურგიის კიბე ძალიან გრძელი და საინტერესოა, რომელსაც კენწეროში კმაყოფილი პაციენტების გულთბილი მადლობა ატკბობს.
-რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე COVID 19?
-ეს პანდემია ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა და განსაცდელია, მაგრამ არსებობს უფრო საშიში ონკოლოგიური დაავადებებიც. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, არ შეშინდეთ! როგორც ონკოლოგიური პათოლოგიებია მართვადი და განკურნებადი, კორონავირუსსაც ძალიან მოკლე ვადებში ჩვენს სადავეებში მოვაქცევთ და გავაკონტროლებთ!
-როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
-ჩემი მუშაობის ბოლო 10 წელიწადში ქირურგიული დარგის განვითარებაში ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა. დაიხვეწა მცირე ინვაზიური (ლაპარასკოპიული) ქირურგია, მთელი მსოფლიო მუშაობს, რომ რაც შეიძლება არაინვაზიური მეთოდებით უმკურნალოს პაციენტებს. ბოლო ხანებში, ამერიკასა და ევროპაში ფეხი აიდგა რობოტულმა ქირურგიამ, რაც კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯია თანამედროვე მედიცინაში. ვფიქრობ, რომ მომავალ ათ წელიწადში, მაღალტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით, საქართველოში ქირურგიული დარგი კიდევ უფრო დაიხვეწება !