დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ მეგრელიშვილი.
თეიმურაზ მეგრელიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, გახლავთ ზოგადი პროფილის ექიმი და აქვს დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.
2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და ერთგულად ემსახურება თავის საქმეს.
- როდის და რატომ აირჩეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
- ექიმობა ბავშობიდან ჩემი ოცნება იყო, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ვთამაშობდი ექიმობანას თანატოლებთან ერთად. ჩემს წარმოდგენაში ექიმი იყო ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებული პიროვნება, რომელიც ეხმარებოდა ავადმყოფ და მწოლიარე ადამიანებს, ზრუნავდა მათზე და ემსახურებოდა უაღრესად კეთილ საქმეს. ეს დამოკიდებულება, რაც ბავშვობაში გამიჩნდა ამ პროფესიის მიმართ, არც შემდეგში შემცვლია და ამიტომ, არც კი მიფიქრია, ამერჩია სხვა პროფესია. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით და ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
- რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
- ექიმობა არის პროფესია, რომელიც ემსახურება ყველაზე ძვირფასის, ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ექიმობა მზრუნველობას, გულისხმიერებას, შემწყნარებლობას, ჰუმანურობასა და სიყვარულს მოითხოვს. რომ არა ამ პროფესიის უდიდესი სიყვარული, ექიმი ვერ შეძლებს შეასრულოს ურთულესი მისია, რასაც სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის ხელშეწყობა ჰქვია.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს სამკურნალო–პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, რომლებიც დიდ გონებრივ და ფიზიკურ შრომას მოითხოვს. ამ ყველაფერს, არც თუ იშვიათად, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ფიზიკური შესაძლებლობების ზღვრამდე მივყავართ, მაგრამ საკმარისია იხილო პაციენტის სახეზე ღიმილი და მადლიერება, ყველაფერი გავიწყდება და სიცოცხლე გემატება.
- რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
- არსებობს მძიმე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობები, რომელთა წინაშეც ზოგჯერ მედიცინა უძლურია და პაციენტის გადარჩენა, სამწუხაროდ, შეუძლებელი ხდება. ხშირად გვიხდება სიცოცხლისთვის ბრძოლა. ეს ურთულესი ბრძოლა უდიდესი გამოწვევაა ჩვენთვის. პაციენტის დაკარგვა არის ძალიან მძიმე ფსიქო–ემოციური სტრესი ექიმისთვის. საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის დამსახურებით, იშვიათად გვიხდება ამ ბრძოლიდან დამარცხებული გამოსვლა.
მედიცინა მუდმივად განვითარებადი და განახლებადი დარგია. დღეს ეს სფერო გაცილებით მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ადრე. ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ეპოქაში, რაც საშუალებას გვაძლევს დავნერგოთ მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს და გვქონდეს მაქსიმალური შედეგები პაციენტების ჯანმრთელობის ხელშეწყობის კუთხით.
- ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გინდათ თქვენს პროფესიულ კარიერაში?
- პროფესია, რომელსაც ყველაზე დიდ დროს ვუთმობთ ცხოვრებაში, ძალიან გვცვლის და ამ პროცესს მუდმივად პოზიტიური მიმართულება უნდა ჰქონდეს. ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტ წინსვლასა და წარმატებულ შედეგს, რადგან მადლიერი პაციენტი ჩვენი პროფესიის საუკეთესო საზღაურია.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
- პროფესიის არჩევით ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს ცხოვრებას, ამიტომ ამ დროს კარგად დაფიქრება გვმართებს. აბიტურიენტების უმრავლესობა პროფესიას გაუაზრებლად ირჩევს, გაუაზრებლად არჩეულ ფაკულტეტზე სწავლა კი საბოლოოდ მთავრდება იმით, რომ ხელში უჭირავთ მხოლოდ დიპლომი. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც თავიდანვე აქვთ გააზრებული და ჩამოყალიბებული, რისი კეთება სურთ მომავალში. ჩემი აზრით, ასეთ ადამიანებს ძალიან გაუმართლათ.
ხშირად პროფესიის არჩევისას მშობლები აქტიურად ერევიან შვილის მომავლის დაგეგმვაში და ეს არ მგონია სწორი. ვფიქრობ, მშობლებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ შვილის ინტერესები და ხელი შეუწყონ მათ დაეუფლონ სასურველ პროფესიას.
ყველა ადამიანმა უნდა აირჩიოს ის, რაც მთელი გულით სურს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იყოს წარმატებული თავის საქმეში.
- რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?
- სამწუხაროდ, დროსთან ერთად მრავალფეროვანი ხდება დაავადებათა ჩამონათვალი და ვდგებით ახალი გამოწვევების წინაშე. COVID 19 თანამედროვე მედიცინის უახლესი გამოწვევაა. ნებისმიერი დაავადება, მათ შორის COVID 19, მოითხოვს პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურ გატარებას. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და გრძელდება საბოლოო ეფექტურ მკურნალობასა და პრევენციული ღონისძიებების დანერგვაზე მუშაობა. ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური მოსახლეობის ვაქცინაციაა, თუმცა, სანამ ვაქცინის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას რეკომენდაციები და გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია ყველა პრობლემისა და გამოწვევის გამო წარმოშობილი ამოცანების გადასაჭრელად.
- როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
- გადაუდებელი მედიცინა საქართველოში შედარებით ახალი დარგია. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ემერჯენსი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და მზად ვართ ნებისმიერი სირთულისთვის.
ჩემი ღრმა რწმენით, ემერჯენსი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება დროთა განმავლობაში, ვინაიდან, მხოლოდ ემერჯენსის სტრუქტურული მოწყობა იძლევა ერთ სივრცეში, ყველა ტიპისა და დაავადების მქონე პაციენტისთვის, მაღალი ხარისხის უსაფრთხო მომსახურების გაწევის საშუალებას. მოგეხსენებათ, დროულ და ეფექტურ პირველად სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის შემდგომი გამოჯანმრთელების საქმეში.
დაახლოებით სამი წლის წინ, შესაძლოა, წარმოუდგენელად გვეჩვენებოდა ნეიროინტერვენციების და თრომბოლიზისური თერაპიის წარმოება, მაგრამ დღეს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვეულებრივ რუტინად იქცა. მედიცინის დარგებისა და ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპის პარალელურად, ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!