ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე, 160 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით. Canon Aquilion Lightning SP გამოირჩევა მაქსიმალური ტექნოლოგიური შესაძლებლობებით და უსწრაფესი სკანირების ფუნქციით.
რას ნიშნავს 160 შრე და რა დატვირთვა აქვს მას? 32, 64 და 128 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფებთან შედარებით, 160 შრიანი Canon Aquilion Lightning SP –ის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის საჭირო დრო. ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი ერთ ბრუნში მოიცავს სხეულის მეტ დიაპაზონს და შესაბამისად, წინამორბედ სისტემებთან შედარებით კვლევის მეტ არეს გაცილებით სწრაფად ფარავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფი სკანირება მნიშვნელოვნად ამცირებს კვლევისთვის საჭირო ინტრავენური კონტრასტის მოცულობას, ასევე ამცირებს მოძრაობის არტეფაქტებს, რადგან კვლევა ხორციელდება იმდენად სწრაფად, რომ პაციენტს სუნთქვის შეკავება ძალიან მცირე დროით უწევს – ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება გამოსახულებისა და დიაგნოსტირების ხარისხზე.
როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევაზე ვსაუბრობთ, უმნიშვნელოვანესი საკითხია ვიზუალიზების ხარისხი. ვიზუალიზებაა ერთ–ერთი ფუნქცია, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის კომპიუტერულ ტომოგრაფს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს, კერძოდ, Lightning SP აღჭურვილია ფართო KV (კილოვოლტი) და MA (მილიამპერი) დიაპაზონით, რაც თავის მხრივ რეგულირდება მანუალურად, ოპერატორის მიერ და ასევე ავტომატურად, Sure Exposure რეჟიმით. ეს რეჟიმი ავტომატურად, ინდივიდუალურად ირჩევს პაციენტისთვის დასხივების საჭირო ინტენსივობას – მისი წყალობით კვლევა ხდება დამზოგველი, ხოლო პაციენტისთვის უსაფრთხო.
კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვილია მეოთხე თაობის AIDR 3D რეკონსტრუქციის ალგორითმით, რომელიც 75%–ით ამცირებს რადიაციულ დოზას, გამოსახულებას ამუშავებს პროგრამულად ახალი ალგორითმით, ზრდის დამუშავების პროცესის სიჩქარეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ალგორითმი ავტომატურადაა გააქტიურებული ყველა კვლევის პროტოკოლში და ამ ფუნქციებით კვლევა მარტივდება, სწრაფად და ხარისხიანად, რაც მთავარია უსაფრთხოდ მიმდინარეობს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვილია უახლესი PUREVISION დეტექტორის ტექნოლოგიით, რაც 40%–ით ზრდის მის მგრძნობელობას. ამ ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის დახმარებით ვიღებთ უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის კომპიუტერულ ტომოგრაფს აქვს მაქსიმალური ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ერთ–ერთია SEMAR რეჟიმი, რომელიც ამცილებს რკინის არტეფაქტებს.
Canon Aquilion Lightning SP -ის საშუალებით შესაძლებელია მრავალი ანომალიისა და პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირება, გამოვლენა და პრევენცია.