ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ იშვიათი კლინიკური შემთხვევა დაფიქსირდა.
კლინიკას მიმართა პაციენტმა, რომელმაც გეგმიურად გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა ჩაიტარა.
კვლევისას რადიოლოგმა გულმკერდის მარცხენა ნახევარში წვრილი ნაწლავები, განივი კოლინჯი და კუჭი შენიშნა. ამ ორგანოებს გულმკერდის მარცხენა ნახევრის 2/3 ეკავა, ხოლო დანარჩენ ნაწილში ფილტვი იყო, ატელექტაზირებულ (შეჭმუხნული, ფილტვი არ იყო გაშლილი) მდგომარეობაში.
პაციენტის ანამნეზი
პაციენტმა 2 წლის წინ ავტოავარიის შედეგად ტრავმა მიიღო. ერთ–ერთი რაიონის კლინიკის ემერჯენსის განყოფილებაში პირველადი დახმარება გაეწია, შემდეგ კი გაეწერა ბინაზე. გაწერიდან 2 კვირაში დაეწყო სუნთქვის უკმარისობა და ტკივილები გულმკერდის მარცხენა ნახევარში.
მთელი ამ დროის განმავლობაში, 2 თვეში მინიმუმ ერთხელ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მაგრამ სხვა კლინიკებში გადამწყვეტი, საბოლოო დიაგნოზი ვერ დაადგინეს. ზოგიერთ კლინიკაში ფიქრობდნენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა ფილტვის ტუბერკულოზის გამო, სხვები კი მოცულობით პროცესზე ეჭვობდნენ.
საბედნიეროდ, პაციენტმა მიმართა კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“, სადაც ტრავმისგან მიღებული პათოლოგიის მკურნალობა შეძლეს.
ურთულესი ოპერაცია
ურთულესი ოპერაცია ჩაატარა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯაბა ბაბაევმა.
„დავიწყეთ ლაპარატომიული განაკვეთით. მუცლის ღრუს ორგანოები განლაგებული იყო არასტანდარტულად, კერძოდ, წვრილი ნაწლავები ჯორჯლიანად, განივი კოლინჯი, კუჭი და ელენთა კი გადანაცვლებული იყო გულმკერდის მარცხენა ნახევარში. დიაფრაგმის მარცხენა ნაწილის 70–80% დაზიანებული იყო, გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღინიშნებოდა დიდი დეფექტი. ძალიან ფრთხილად, ისე რომ არ დაზიანებულიყო ელენთა, მოვახერხეთ და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მუცლის ღრუს ორგანოები გადავაადგილეთ მუცლის ღრუში. დაზიანებული დიაფრაგმა აღდგა ორსართულიანი ნაკერებით, მივიღეთ სრული ჰერმეტიზმი (შეიქმნა მყარად დახურული სივრცე იმისთვის, რომ ჰაერი არ გავიდეს მუცლის ღრუში). გულმკერდში ჩაიდგა დრენაჟი ბილაუს წესით, მუცელში კი ერთი დრენაჟი. მუცელი დაიხურა შრეობრივად. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოპერაციის შემდგომ პრაქტიკულად არანაირი გართულება არ გვქონდა – პაციენტს ოპერაციიდან 1 კვირაში ამოვუღეთ დრენაჟი რენტგენის კონტროლით. ფილტვი გაიშალა დამაკმაყოფილებლად. ოპერაციიდან მეთორმეტე დღეს მოვხსენით ნაკერები. აღსანიშნავია, რომ როდესაც მუცლის ღრუს ორგანოები დიდი ხნის განმავლობაშია გულმკერდში გადანაცვლებული და ოპერაციის გზით უკან, თავის ადგილზე ბრუნდება, ხშირად წარმოიქმნება ჭარბი ინტრააბდომინური წნევა და შესაბამისად, პაციენტს ამ მდგომარეობასთან ადაპტირება დიდი ხნის მანძილზე უჭირს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინტრააბდომინალურად მაღალი წნევა არ წარმოშობილა“, – აცხადებს ბატონი ჯაბა.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორც ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, დრენაჟის ამოღებიდან 1 კვირაში რენტგენოლოგიურად გადამოწმდა ფილტვის მდგომარეობა. კვლევამ დაადასტურა, რომ ორივე ფილტვი ერთნაირად გაშლილია, შესაბამისად, პაციენტი თავისუფლად, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე სუნთქავს.
პაციენტი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგს ჯაბა ბაბაევს ნომერზე 577 09 00 76.
გისურვებთ ჯანმრთელობას!