ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოიყვანეს 67 წლის მამაკაცი, რომელმაც ტრავმის შედეგად მოიტეხა გულმკერდის მეთორმეტე და წელის პირველი მალები.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ხერხემლის სვეტის კომპიუტერული გამოკვლევა. პაციენტის ზურგის ტვინის დაზიანების, ხერხემლის მოტეხილობის ხარისხი შეფასდა მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით. აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოტეხილობის მაპროვოცირებელი იყო, თუმცა, ხერხემლის სხვა მალებიც საკმაოდ პოროზული აღმოჩნდა.
ოპერაციის ტაქტიკის განსაზღვრას ართულებდა ხერხემლის სვეტის ზოგადი მდგომარეობა. სხვადასხვა მეთოდის განხილვის შემდგომ შეირჩა ოპტიმალური ვარიანტი – ქირურგებმა ამოკვეთეს გულმკერდის მეთორმეტე მალის და წელის პირველი მალის სხეულები და მათ ნაცვლად ჩასვეს ტიტანის პროტეზი.
ოპერაცია 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა. ოპერაცია ჩაატარა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგმა გაგა ბეგიაშვილმა. წარმატებული ოპერაციის შესახებ გვესაუბრება ბატონი გაგა.
„რაში მდგომარეობს ამ ოპერაციის უნიკალურობა? ხერხემლის მალების მოტეხილობის დროს ვითარდება ხერხემლის სვეტის დეფორმაცია, ზურგის ტვინის არხის დაზიანება, რაც იწვევს მძიმე ინვალიდობას და პაციენტები განწირულები არიან ეტლისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო საკმაოდ მძიმე მოტეხილობა გულმკერდისა და წელის მალების, რომელმაც გამოიწვია ხერხემლის დეფორმაცია. მდგომარეობას ართულებდა ის ფაქტი, რომ არსებობდა იმის საფრთხე, რომ იმდენად დამძიმებულიყო პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი, ფეხზე ვეღარ გაევლო. ტიტანის განშლადი პროტეზით შევცვალეთ მოტეხილი მალის სხეულები. ამ ტიტანის პროტეზმა გაამყარა და გაასწორა დეფორმირებული ხერხემლის სვეტი. ოპერაციაში მონაწილეობდა თორაკოქირურგი ბატონი გია ლომთათიძე, ვინაიდან, საჭიროებდა გულმკერდის გახსნას მოტეხილ მალებთან მისადგომად. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კიდურებს ამოძრავებს, ძალის დეფიციტი არ ვლინდება. რამდენიმე დღეში უფლებას მივცემთ, რომ ლოგინიდან წამოდგეს. პაციენტი თავისუფლად, დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს. ბინაზე გავწერთ ერთ კვირაში შესაბამისი დანიშნულებით, დრენაჟის ამოღების შემდეგ. ამ ეტაპზე პაციენტი თავს გრძნობს კარგად. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის ოპერაციები მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში ხორციელდება და ამის გამო ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებიც საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიემგზავრებიან“, – განაცხადა ბატონმა გაგამ.
ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგიის მიმართულებას ჰყავს ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი და მათი რიცხვი გამუდმებით იზრდება! მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და გამოიყენეთ კლინიკის ნეიროქირურგების გამოცდილება და პროფესიონალიზმი თქვენს სასარგებლოდ!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!