ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ფარმაცევტული კომპანია "ავერსი ფარმას" წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ფარმაცევტული კომპანია "ავერსი ფარმას" წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
აღსანიშნავია, რომ კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი პერმანენტულად მასპინძლობს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მდებარე კლინიკების წარმომადგენლებს.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს კოლეგების ინფორმირებას ქირურგიის ეროვნული ცენტრის მძლავრი და უნიკალური რადიოთერაპიის დეპარტამენტის, ონკოლოგიის თანამედროვე მართვის პრინციპების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვეა დეპარტამენტს სტუმრობს სხვადასხვა სამედიცინო კომპანია და მათ შორის "ავერსის" ჯგუფის წევრი ორგანიზაციები. სხვადასხვა პროფილის ექიმი დეტალურ ინფორმაციას ეცნობა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეა გამეზარდაშვილმა სტუმრებს კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი დაათვალიერებინა.
"დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი), უახლესი სხივური ამაჩქარებლებით. ონკოლოგიურ პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ონკოლოგები, რომლებმაც განათლება აშშ-ისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს. დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი მკაცრად გაწერილი საერთაშორისო გაიდლაინებით ხელმძღვანელობს. მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ონკოლოგები. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტში მოწვეულნი არიან ექსპერტები ემორისა და მურსიის უნივერსიტეტებიდან, ასევე ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტიდან", - განაცხადა ქალბატონმა თეამ.
როგორც ქალბატონმა თეამ განმარტა, ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობის მიზნით, რადიოთერაპიის დეპარტამენტში მუდმივად ინერგება ახალი სერვისები და კერძოდ, ყურადღება ბრაქითერაპიაზე გაამახვილა.
ბრაქითერაპია, ასევე ცნობილი როგორც კონტაქტური რადიოთერაპია, სხივური თერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა.
პროცედურის დროს რადიაციული წყარო თავსდება პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში, ანუ შიგნით სიმსივნეში ან სიმსივნის ზედაპირზე, შესაბამისად, მოიცავს მთელ წარმონაქმნს. ამ გზით მიზანმიმართულად, ზუსტად სხივდება სამიზნე ორგანო და მაქსიმალურად დაცული რჩება სხვა ჯანმრთელი ორგანოები თუ სტრუქტურები.
"დეპარტამენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა - სულ მალე კლინიკა აღიჭურვება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, ციფრული პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფით (PET/CT). ეს არის კვლევა, რომელსაც მეცნიერები ონკოლოგიაში ოქროს სტანდარტს უწოდებენ. სიმსივნის დიაგნოსტირების დროს, აღნიშნული მეთოდით სიმსივნის გავრცელების ყველაზე ზუსტი ანატომიური და ფუნქციური გამოსახულება, სურათი მიიღება. პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიით სრულიად შესაძლებელია უმცირესი ზომის სიმსივნის აღმოჩენა. ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის ყველა აუცილებელი პირობაა დაცული; კლინიკაში მკურნალობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი პაციენტები", - განაცხადა ქალბატონმა თეამ.
სტუმრებისთვის პრეზენტაცია მოამზადეს რადიოთერაპიის დეპარტამენტის რადიაციულმა ონკოლოგებმა, ბრაქითერაპევტებმა. ონკოლოგებმა პრეზენტაციაზე მიმოიხილეს რამდენიმე საინტერესო კლინიკური შემთხვევა.
სხივურ თერაპიამდე და სხივური თერაპიის შემდგომ ჩატარებული საკონტროლო გამოსახულებითი კვლევები ნათლად ცხადყოფს, თუ რამდენად ეფექტურია სხივური თერაპია.
თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომლის გამოყენებაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე დაავადებულთა სულ მცირე 50%-ს ესაჭიროება.
რა უნდა იცოდეთ რადიოთერაპიის დეპარტამენტის შესახებ?
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს.
რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.
დეპარტამენტში ტარდება ყველა ორგანოსა და სისტემის რადიოთერაპია, კერძოდ:
- ცენტრალური ნერვული სისტემის;
- თავ-კისრის;
- ფილტვის;
- ძუძუს;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების;
- ლიმფომების;
- ძვლის და რბილი ქსოვილების;
- კანის;
- თავის ტვინისა და სხვა.
მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტის დაარსებიდან დღემდე არაერთმა ონკოლოგიურმა პაციენტმა ისარგებლა მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!