ყბა–სახის ქირურგიული მიდამოს რთული ოპერაციები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში!
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია სანკტ–პეტერბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა–სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გურამ მაღრაძე.
ბატონი გურამი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პერმანენტულად ატარებს ყბა–სახის ქირურგიული მიდამოს რთულ ოპერაციებს. ის გახლავთ კლინიკის მოწვეული სპეციალისტი.
ბატონ გურამთან ერთად ოპერაციებში მონაწილეობდნენ ყბა–სახის ქირურგები მაია მაღრაძე და ნინო აზიკური.
ამ ვიზიტის დროს ჩატარდა ორი, თავისი სირთულითა და უნიკალურობით მნიშვნელოვანი ოპერაცია.
ოპერაცია N1
45 წლის პაციენტი
პაციენტს 4 წლის წინ სხვა კლინიკაში ჩაუტარდა ყბა-სახის მიდამოში ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ დაეწყო ნევრალგიური ტკივილები. შემაწუხებელი, მუდმივი ხასიათის ტკივილის გამო იმყოფებოდა ფსიქოტროპულ პრეპარატებზე, კონსულტაცია გაიარა რამდენიმე ცნობილ ყბა–სახის ქირურგთან, ნევროლოგთან, თუმცა – უშედეგოდ.
როცა კონსერვატიულმა, ფიზიოთერაპიულმა მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო პაციენტს ურჩიეს, რომ მიემართა გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკისთვის. მან დასახმარებლად მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს. ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტი გადმოამისამართა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
ზედა ყბის 3D დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფიისა და კლინიკური, რენტგენოლოგიური დიაგნოსტირების დასკვნის საფუძველზე, გადაწყდა ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის დახმარებით პაციენტს მოეხსნა ნერვის კომპრესია (ნერვზე ზეწოლა) და შესაბამისად, ტკივილიც გაქრა!
ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პაციენტი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე.
ოპერაცია N2
22 წლის პაციენტი
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია!
22 წლის პაციენტის დიაგნოზია ქვედა ყბის დიდი ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნე. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დროს ქირურგებმა ქვედა ყბის ქვედა კიდის შენარჩუნება შეძლეს და ქვედა ყბის სხეულის პლასტიკა ჩაატარეს ერთმომენტად, თეძოს ძვლის ქედის აუტოტრანსპლანტანტით.
მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, ქვედა ყბაში დარჩა სიცარიელე, რომელიც შეივსო თეძოს ძვლოვანი ქსოვილით, ანუ ქვედა ყბის დეფექტის აღსადგენად ქირურგებმა გამოიყენეს თეძოს ძვალი.
წარმატებული ოპერაციის შედეგად აღდგა ქვედა ყბის მთლიანობა და ტრანსპლანტანტის ფიქსაცია (ტიტანის ფირფიტებით და ჭანჭიკებით). სამომავლოდ იგეგმება დენტალური იმპლანტაცია, შემდგომი პროტეზირებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!