ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის წევრები შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
კრებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრები, ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები და სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი.
შეხვედრაში მონაწილეობდა 60 წევრი.
რა არის ათეროსკლეროზი?
ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებაა.
სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ათეროსკლეროზის შედეგია. დაავადება სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ფოლაქებით ფორმირდება.
როგორც წესი, უპირატესად, ფოლაქები მსხვილ სისხლძარღვებში წარმოიქმნება. ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს გარკვეული რისკ–ფაქტორები და კერძოდ: ასაკი, სქესი, გენეტიკური განწყობა, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ნაღველ–კენჭოვანი დაავადება, არააქტიური ცხოვრების წესი, ფსიქოემოციური დაძაბულობა, ძლიერი ნერვული ტრავმა და სხვა.
ათეროსკლეროზი ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა და სიმპტომებიც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია სისხლძარღვის დაზიანების ლოკალიზება და შევიწროების ხარისხი.
რა უნდა იცოდეთ ღონისძიების შესახებ?
საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მედიცინის აკადემიური დოქტორი თეა გამეზარდაშვილი, რომელმაც გახსნა სხდომა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
მან დამსწრე საზოგადოებას ვიზიტისა და ასოციაციის წევრობისთვის, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ათეროსკლეროზი, როგორც მულტიპროფილური კვლევის ობიექტი, საჭიროებს სხვადასხვა სპეციალობის ექიმისა და მკვლევარის ჩართვას პროექტებში, რომელიც შემუშავდება საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციაში გაწევრიანებული მეცნიერების მიერ. ყველა თქვენგანს და პირველ რიგში ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს მადლობას მოგახსენებთ ინიციატივის გაზიარებისთვის. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ღონისძიებას ესწრებიან პირები, რომლებიც წლებია ერთგულად ემსახურებიან ორგანიზაციას და ათეროსკლეროზის ასოციაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. დარწმუნებული ვარ, ახალი წევრებიც ღირსეულად გააგრძელებენ ამ გზას. ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით მთავარი, საერთო საქმისთვის – ქართული მედიცინის აღორძინებისთვის“, – განაცხადა ქალბატონმა თეამ.
ღონისძიებაზე კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნონა კაკაურიძე. ქალბატონი ნონა საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
ქალბატონმა ნონამ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან უნდა მოხდეს ძველი ტრადიციების გათვალისწინებით, ახალი განვითარების პერსპექტივების დასახვა.
მან შეაჯამა ასოციაციის აქტივობა, ყურადღება გაამახვილა იმ სამეცნიერო კონფერენციებზე, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ასევე ისაუბრა ღონისძიებებზე, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის წევრები ევროპის ათეროსკლეროზის ასოციაციის ეგიდით მოწყობილ ფორუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობდნენ.
როგორც ქალბატონმა ნონამ განმარტა, ეს ფორუმები არაერთი ახალგაზრდა მკვლევარისთვის დიდი ასპარეზი აღმოჩნდა.
ქალბატონმა თეამ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ასოციაციის სტრუქტურას, ძირითად მიმართულებებს, წევრობის ახალ კონცეფციებს, კონგრესს, ქმედით ღონისძიებებსა და სამომავლო პერსპექტივებს ეხებოდა.
გამოიკვეთა პრიორიტეტები:
- ათეროსკლეროზისა და თრომბოზების განვითარების ასპექტების შესწავლა, მათი ადრეული დიაგნოსტირება, მწვავე მდგომარეობების მართვის თანამედროვე შესაძლებლობები;
- ეპიდემიოლოგიური მიმართულება: შევისწავლოთ ათეროსკლეროზისა და მისი რისკ–ფაქტორების გავრცელება საქართველოში;
- ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის გავრცელება საქართველოში, მისი კავშირი თრომბოზებსა და მის რისკ–ფაქტორებთან;
- გლიპტინების როლის შესწავლა ათეროსკლეროზის ადრეული სტადიის მკურნალობაში (რადიოლოგიური მარკერების, მათ შორის ინტიმა–მედიას და სხვა მაჩვენებლების განსაზღვრით...).
რეგიონულ ორგანიზაციებში გაწევრიანდნენ კლინიკის ისეთი მიმართულებების ხელმძღვანელები, როგორიცაა:
- კარდიოლოგია;
- თერაპია;
- ნევროლოგია;
- ნეიროქირურგია;
- მორფოლოგია;
- ენდოკრინოლოგია;
- რადიოლოგია;
- არითმოლოგია;
- ონკოლოგია;
- ლაბორატორიული მედიცინა,
- გასტროენტეროლოგია;
- კლინიკური ფარმაკოლოგია.
სხდომის დასასრულს დაკომპლექტდა ასოციაციისა და გამგეობის წევრთა სია, დაანონსდა სამომავლო შეხვედრის თარიღი, დაისახა სამოქმედო გეგმის სტრატეგია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!